ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა. ამის შესახებ გამოცემა Times Now წერს.
ტრანსპორტის სამინისტროს ავტომობილის მართვის სააგენტომ გამოაქვეყნა სტატისტიკა იმ მძღოლების შესახებ, რომლებმაც მართვის მოწმობა პირველსავე ცდაზე ვერ აიღეს. ყველაზე მეტი მცდელობა ბრიტანელ კაცს დასჭირდა, რომელმაც თეორიული გამოცდა მხოლოდ 158-ე ცდაზე ჩააბარა, რაზეც 3 000 გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ახლა მას გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება მოუწევს.
მეორე ადგილზეა 30 წლის ბრიტანელი ქალი, რომელიც თეორიულ გამოცდაზე 117-ჯერ გავიდა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მესამე ადგილზეა 48 წლის ქალი, რომელმაც თეორიული გამოცდა 94-ე ცდაზე ჩააბარა.
რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ყველაზე მეტი მცდელობა 72 წლის კაცს ჰქონდა, რომელმაც მართვის მოწმობა მხოლოდ 43-ე ცდაზე აიღო.