ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „პოსტ ფაქტუმ“ დედა, ჯულიეტა ვაშაყმაძეს გაიხსენა.
„გამორჩეულად ენერგიული, პრინციპული და მებრძოლი ადამიანი იყო. ვიდრე ოჯახს შექმნიდა, ჯერ თვითონ შედგა, როგორც სრულფასოვანი პიროვნება, მერე გაგვაჩინა ჩვენ. როცა ჩემი უფროსი და გაჩნდა, დედა 40 წლის იყო.
რამდენიმე წლით ადრე, დიდი უბედურებაც გადაიტანა, სულ პირველი შვილი, რეზო – ჩემი ნახევარძმა ფილტვების ანთებით ერთი თვის ასაკში დაეღუპა. ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს დასცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება.
უნივერსიტეტში იქცა არქიტექტორად, ითამაშა ფილმებში, თეატრის სცენაზე. როგორც მოცეკვავემ მოიარა ისეთი ქვეყნები, რომლის ნახვაც საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ აუხდენელი ოცნება იყო.
ის არ იყო მიჯაჭვული ტექსტს, მას არ ეშინოდა. საკუთარი ვიზუალური სტილიც თვითონ შექმნა. თვითონ იკერავდა კაბებს, იყენებდა მაკიაჟს და ა.შ.
დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ დედასაც და მამასაც, ასწრებდნენ საქმესაც და დახმარების გარეშე სამი შვილის გაზრდას. უბედნიერესი ბავშვობა გვქონდა არ გვაკლდა არაფერი. ჩვენს აღზრდაზე დედ-მამა ზრუნავდა და ამის პარალელურად ასწრებდნენ ჟურნალისტთა თაობების გაზრდას.
ასე გავიდა ათწლეულები და წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდათ, როდესაც გამოყარეს სამსახურიდან.
2004 წელს დედას უთხრეს რომ მისი ადგლი ტელევიზიაში აღარ იყო და მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, შეგრძნებით რომ არავის სჭირდებოდნენ. კი იმ დროს, დედაჩემი კალენდარული ასაკით საპენსიო ასაკში იყო. იმ მომენტიდან დაიწყო დედაჩემის ნელი ნგრევა, როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკურად.
ნელ-ნელა იკეტებოდა გარესამყაროსთან. იშვიათად გადიოდა სახლიდან, უარს ამბობდა ინტერვიუებზე, იმიტომ რომ ამჩნევდა მის უბერებელ სახესაც შეემატა მძიმე და უსამართლო განცდების კვალი.
ზედმეტად თავმოყვარე ადამიანიც კი იყო. ამ დროს მისმა თვალებმა დაიწყო დასუსტება. დედა ყოველთვის ამაყობდა, თავისი მხედველობით. კატარაქტის განვითარება დაეწყო, თვალებზე გადაკრული ბინდი ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო. რა აღარ გავაკეთეთ, მაგრამ ექიმთან ცოცხალი თავით არ წამომყვა. ჯიუტი იყო, მას საშინლად ეშინოდა ავადმყოფობის და სიკვდილის. ამ დროს მხედველობის დასუსტებამ მოიტანა ის, რომ წესიერად ვეღარ ხედავდა, ეშინოდა რამეს ფეხს წამოკრავდა და კიდევ უფრო ჩაიკეტა სახლში.
არ მახსოვს რომელი წელი იყო, ოჯახი რაჭაში იყო დასასვენებლად, მაგრამ როცა დაბრუნდა, შევამჩნე მარჯვენა ხელი უკანკალებდა. ამტკიცებდა არაფერი მჭირსო.
ამ დროს მე თვითონ ვიყავი რ2-ზე წამყვანი, ბევრი რამ მოსწონდა, მაგრამ ბევრი მიუღებელი იყო და სასტიკად ვჩხუბობდით. თვეებიც გადიოდა ისე, ერთად ვცხოვრობდით და საერთოდ არ ვლაპარაკობდით.
ერთხელ მახსოვს, ღამე მომესმა დედის ტირილი. არ მიკითხავს, ვიცოდი რაც აწუხებდა, საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, მიტოვებულს და დავიწყებულ საკუთარ თავს.
ამის მერე იყო ზუსტად, რამდენიმე დღეში მითხრა, გიორგი მე მალე მოვკვდები და არ მინდა ისე წავიდე არ ვლაპარაკობდეთო. მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია“, - განაცხადა გაბუნიამ.