სპორტის თაყვანისმცემლებისათვის პოლ გესქოინის სახელი კარგად არის ცნობილი. გაზა საკუთარი ორიგინალური გამოხდომებით, როგორც უშუალოდ საფეხბურთო მატჩების დროს, ასევე პირად ცხოვრებაში ყოველთვის მსოფლიოს ყვითელი პრესის თვალთახედვის არეში ექცეოდა.
წინა კვირას იტალიელი ფრანჩესკო ტოტის შესახებ გავრცელებული ანეკდოტები შემოგთავაზეთ. დღეს ჩვენი სტუმარი უბადლო პოლ გესქოინი იქნება.
„ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ბობი რობსონმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე გაზას “იდიოტური ბუჩქი” უწოდა. მეორე დღეს “ბუჩქი” ბაზაზე წინდებში ტოტებგარჭობილი გამოცხადდა.“
“რეინჯერსის” ლიდერი, ალი მაკკოისტი, ღამის ხუთ საათზე გაბმულმა სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ყურმილში გაისმა - “პოლი ვარ, ვერაფრით დავიძინე და ბილიარდი ხომ არ გვეთამაშა?”
„იტალია-90-ზე ინგლისისა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრისას ფეხნატკენი ენცო შიფო მინდორზე გაწვა. გესქოინს ეგონა, რომ ბელგიელი აფერისტობდა, მიუახლოვდა, ენა გადმოაგდო და ცალ ფეხზე ხტუნაობა დაიწყო.“
“ლაციო” “სამპდორიას” ხვდებოდა. მსაჯმა გაზა გააგდო, მან კი სათითაოდ ჩამოუარა გენუელ ფეხბურთელებს და ხელი ჩამოართვა.“
„მშვენიერ ხასიათზე მყოფი გაზა მანქანას ლონდონისკენ მიაქროლებდა. ამ დროს ზედ გზაზე პნევმატური ბურღით მომუშავე ადამიანი შენიშნა და დაამუხრუჭა კიდეც. გაზას მოთხოვნა ერთადერთი და ბუნებრივი იყო - გაეტარებინათ. მუშამ იცნო ვარსკვლავი, პატივისცემის ნიშნად ბურღი გამორთო და მთელი თავისი ავლადიდება გზიდან მოაშორა, რაზეც დაახლოებით 15 წუთი დაეხარჯა. კმაყოფილი გაზა მანქანაში ჩახტა, ტროტუარზე შეაგდო და იმ მონაკვეთს მაინც გვერდი აუქცია.“
„ერთ-ერთი შოტლანდიური სასტუმროს ბინადრები პირდაღებულნი უყურებდნენ, თუ როგორ დააქროლებდა გესქოინი უზარმაზარ ჯიპს გოლფის მოედანზე.“