ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ანგარიში ჩვენს განწყობებს ემთხვევა. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვთქვით, რომ ყველამ პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ 31 ოქტომბრის არჩევნებიდან. ჩვენ გამოვიტანეთ ჩვენი დასკვნა და იცით, რომ ვაპირებთ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა გავატაროთ პროცედურებთან დაკავშირებით, შემოვიღოთ ელექტრონული სისტემა, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორები და შეცდომები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ვიცით, რომ ადამიანური ფაქტორები და შეცდომები არსებობდა, ამიტომ ჩვენი დასკვნა გამოვიტანეთ, ჩვენს ოპონენტებს, როგორც ვხედავთ, დასკვნა არ გამოუტანიათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, შენიშვნების ნაწილში თუ დააკვირდით, იყო უბნების 8%-ზე დისბალანსის საკითხი, რაზეც რამდენიმე ხანი ვსაუბრობთ. იცით, რომ ეს მოდის „ისფედის“ ანგარიშიდან, შემდეგ 4 ნოემბრის არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში აისახა უბნების 8%-ში ე.წ. დისბალანსი, რაც რეალობიდან აცდენაა. მოვუწოდეთ არასამთავრობოებს, ჩაასწორონ განცხადება, სამწუხაროა, რომ მცდარი ინფორმაციაა ასახული მონიტორინგის მისიის ანგარიშში. მათ ვაცნობებთ, რომ მათი ციტირება არასამთავრობო ორგანიზაციების მცდარია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოზე საუბრის კონტექსტში, ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს.