დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

6 იანვრის მოვლენების შემდეგ თეთრი სახლის მოქმედი ლიდერის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. სოციალური გამოკითხვა კომპანია Morning Consult-მა და გამოცემა Politico-მ ჩაატარეს.

გამოკითხვის შედეგებით, დონალდ ტრამპს მხარს რესპონდენტთა 34% უჭერს, რაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება 20 იანვარს ეწურება, თუმცა დემოკრატები ტრამპს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის წახალისებაში სდებენ ბრალს და იმპიჩმენტი გამოუცხადეს. ის პირველი პრეზიდენტია ქვეყნის ისტორიაში, ვისაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.