ბადრი ჯაფარიძე: ამომრჩევლებს ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე რომ სცოდნოდათ, დრამატულად შეიცვლებოდა შედეგები და გაყალბებაც ვეღარ უშველიდათ 

ბადრი ჯაფარიძე: ამომრჩევლებს ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ არჩევნებამდე რომ სცოდნოდათ, დრამატულად შეიცვლებოდა შედეგები და გაყალბებაც ვეღარ უშველიდათ 

რეალურად, ივანიშვილმა დაუმალა ამომრჩეველს, რომ აპირებდა პარტიის თავმჯდომარეობიდან და პოლიტიკიდან წასვლას არჩევნებიდან 2 თვის თავზე, გამოიყენა მის მიმართ მხარდაჭერა და პრაქტიკულად დააჭერინა მათ მხარი - ეს არ არის კეთილსინდისიერი პოლიტიკა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველს არჩევნებამდე რომ სცოდნოდა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ, ეს დრამატულად შეცვლიდა არჩევნების შედეგებს და „ქართულ ოცნებას“ გაყალბება და შედეგების დამახინჯებაც ვეღარ უშველიდა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამომრჩეველმა, ვინც მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს ანუ რეალურად, მან დაუმალა ამომრჩეველს, რომ აპირებდა პარტიის თავმჯდომარეობიდან, პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას არჩევნებიდან 2 თვის თავზე, გამოიყენა მის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც არსებობდა ელექტორატის გარკვეულ ნაწილში, პრაქტიკულად, დააჭერინა მათ მხარი და ორი თვის შემდეგ წავიდა პოლიტიკიდან - მე ასეთი პოლიტიკა არ მომწონს, ეს არ არის გულწრფელი და კეთილსინდისიერი პოლიტიკა.

რა თქმა უნდა, ეს დრამატულად შეცვლიდა შედეგებს, გაყალბებაც და დამახინჯერაც არ უშველიდა „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი იდეოლოგიური საფუძველი არ აქვს, რის გამოც მას ხმას აძლევდნენ ამომრჩევლები. მათთვის ფაქტორი იყო ბიძინა ივანიშვილი მისი დიდი ფინანსური რესურსებით და შექმნილი მითით, რომ მას შეუძლია კარგად მართვა, ამიტომ, მისი წასვლა პოლიტიკიდან, პირდაპი ამწვავებს საკითხს ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი იმაში მდგომარეობდა, რომ პარტია, ისევე როგორც ქვეყნის ინსტიტუტები ერთ ადამიანზე იყო დაფუძნებული და ამ საყრდენის გამოცლა განაპირობებს როგორც პარტიის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიას.

„როდესაც ეს ერთი ადამიანი, რომელიც არის საყრდენი, გამოეცალა ამ ყველაფერს, ცხადია, რომ ეს გამოიწვევს სწრაფ ეროზიას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ბაზის და, ასევე, სამწუხაროდ, ინსტიტუციების დეგრადაცია გაგრძელდება. სინამდვილეში ეს არ არის ისეთი მართვა, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება არა ერთ ადამიანზე დამოკიდებული პოლიტიკური პარტიები და პარლამენტი, არამედ ისეთი მმართველობა, რომელიც ეყრდნობა ინსტიტუციებს. ჩვენ ვნახეთ, რომ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციების გადაწყვეტილებები იყო დამოკიდებული ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, ჩვენ ხომ ეს გვაქვს პრობლემა ბოლო 8 წელია. ქვეყანა უნდა იმართებოდეს გამომდინარე ინსტიტუციონალური ლოგიკიდან, გამომდინარე ქვეყნის პრიორიტეტიდან, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლექტიურად, ასე უნდა იმართებოდეს ქვეყანა,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, 8 წლის განმავლობაში მის მიერ წარმოებული წარუმატებელი პოლიტიკის ფონზე აბსოლუტურად ლოგიკური იყო.