შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაუროს საკითხს და მათაც მოსთხოვონ „სამართლიან არჩევნებს“, ბოლომდე შეიტანონ სიცხადე იმ პროცესში, რაც ამ ორგანიზაციაში მოხდა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაუროს საკითხს და მათაც მოსთხოვონ „სამართლიან არჩევნებს“, ბოლომდე შეიტანონ სიცხადე იმ პროცესში, რაც ამ ორგანიზაციაში მოხდა

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით თავიდანვე გამოვთქვით ეჭვი, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაუროს საკითხს და მათაც მოსთხოვონ „სამართლიან არჩევნებს“, რომ ბოლომდე შეიტანონ სიცხადე იმ პროცესში, რომელიც ამ ორგანიზაციაში მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთი არაზუსტი ინფორმაციის შესახებ უნდა აღიაროს, რომელიც ოქმებში არსებულ შესაძლო დისბალანსს ეხება.

„დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით კიდევ ერთხელ დადასტურდება ის სიმართლე, რაზეც ორი თვეა საუბარია და დადასტურდება, რომ ამ არჩევნებზე არანაირი გაყალბება არ მომხდარა. ჩვენ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით თავიდანვე გამოვთქვით ეჭვი, ერთი თვე მონაცემებს მალავდნენ, რომ იყო უზუსტობა და ბოლოს მოუწიათ ამის აღიარება. „სამართლიან არჩევნებს“ რამდენჯერმე მივმართეთ, შეკითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. ეს ერთადერთ რამეს გვაფიქრებინებს, რომ აქაც მცდელობაა, რამენაირად დროის გაწელვის, რომ მიავიწყდეს საზოგადოებას ის არაზუსტი ინფორმაცია, რომელიც თავის დროზე გავრცელდა. კარგია აღიარება, რომ პარალელურ დათვლაში იყო ხარვეზი და მეორე სიმართლე იქნება ის, რომ თითქოს, უბნების რვა პროცენტში იყო მეტობით დისბალანსი, ესეც ტყუილი იყო და თუ აღიარებენ, რომ ესეც შეცდომა და ხარვეზია, ძალიან კარგი. ამით გამოჩნდება, რამდენად გულწრფელები იყვნენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზოგადად, არასამთავრობო სექტორისთვის. „სამართლიანი არჩევნები“ არ არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს არის ჯგუფი, ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წლებია საქართველოში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დემოკრატიის გაძლიერებაში, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების დამკვიდრებაში და როცა ასეთი ორგანიზაცია თავად მოიკოჭლებს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაში, რა თქმა უნდა, ეს ზოგადად ჩრდილს აყენებს არასამთავრობო სექტორს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაუროს ამ საკითხს და მათაც მოსთხოვონ „სამართლიან არჩევნებს“, რომ ბოლომდე შეიტანონ სიცხადე იმ პროცესში, რომელიც ამ ორგანიზაციაში მოხდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.