შაბათს გაიმართება ყრილობა. ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეს. პოლიტსაბჭოს მიერ წარმოდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, რომელმაც უკანასკნელ წლებში ბევრი რამე გააკეთა „ქართული ოცნებისთვისაც'' და ქვეყნისთვისაც,, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
დავითულაინის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ჩართულია გუნდის მუშაობაში და პარტიის მთელი რიგი სტრუქტურების ფორმირებაში. „იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე შეძლებს, თავი გაართვას ამ არც თუ ისე მსუბუქ მისიას და ამოცანას. ის წარუძღვება '„ქართული ოცნების“' მუშაობას და ჩვენ ყველა მას გვერდში დავუდგებით მთელი გუნდით“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია, რომელიც შაბათს გახდება ცნობილი.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.