"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას ჩასაძირად განწირული გემიდან კაპიტნის გაქცევას ადარებს.
მისი შეფასებით, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამგვარი გადაწყვეტილება მის უპასუხიმგებლობაზე მიუთითებს.
"რეალურად, ეს განცხადება, რომ ასეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, კორონაკრიზისის ფონზე, დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ქართულ ოცნებაზე, თავმჯდომარის წასვლა უფრო გაქცევას ჰგავს, ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, ასეთს პირველად ვხედავთ ჩვენ და, შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას და მისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაზე ზრუნვა,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილიდან რამდენიმე პასაჟი გაიხსენა.
"ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდან, ოღონდ აბსოლუტური არაფორმალური მმართველობა გრძელდებოდა და როცა მოუნდა დაბრუნდა პოლიტიკაში. ძალიან საინტერესო რამდენიმე პასაჟი იყო - ივანიშვილმა თქვა, ყველაფრს გაკეთებას არ ეყო 2-3 წელიო, ეტყობა, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელი მას 2-3 წლად მოეჩვენა. ასევე, განაცხადა, რომ ამაყი მივდივარ, რადგან ყველა ძირითადი დაპირება შევასრულეო. ეს ახლა გადაწყვიტოს იმ ადამიანებმა, ვინც ქართულ ოცნებას მისცა ხმა - შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ყველა დაპირება, რომელიც 2012 წელს მოგვცა,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.