კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის „შრომის პარტიის“ გენერალურ მდივნად აირჩიეს

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის „შრომის პარტიის“ გენერალურ მდივნად აირჩიეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მმართველი „შრომის პარტიის“ გენერალურ მდივნად აირჩიეს. ამის შესახებ Deutshce Welle ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე ინი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, პარტიის 6-დღიან ყრილობაზე წევრებმა მისი აღმასრულებელი საბჭოს სამდივნოდ გადარქმევის გადაწყვეტილება მიიღეს.

„შრომის პარტიის“ გენერალური მდივნის პოსტს ჯერ პარტიის დამფუძნებელი კიმ ირ სენი, შემდეგ კი მისი ვაჟი, კიმ ჩენ ირი იკავებდა. 2011 წელს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას იკავებდა, 2016 წლიდან კი, როცა სამდივნო გაუქმდა, ის პარტიის აღმასრულებელი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ახლა საბჭოს კვლავ სამდივნო ჰქვია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კი მისი გენერალური მდივანი გახდა.

9 იანვარს, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარი მტერი აშშ არის და რომ ფხენიანი ბირთვული პოტენციალის გაზრდას აპირებს.