ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი - სრულიად მიუღებელი, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩო 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს.
„როგორც სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, უკანონობა და საზოგადოებრივი არეულობა ყოველთვის მიუღებელია. ჩვენი დემოკრატიული პროცესის მსგავსი გამოცდები შეახსენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაბოძები; მას სჭირდება სიფხიზლე, მძიმე შრომა და თითოეული მოქალაქის მიერ მოფრთხილება. ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება სტაბილური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. წესრიგი აღდგა, აშშ-ის კონგრესმა ამერიკელი ხალხის სახელით კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. თითქმის 250 წელია, ამერიკელები იღწვიან „უფრო სრულყოფილი ქვეყნის" შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად შრომა არასოდეს დამთავრდება. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან მათი მხარდაჭერისთვის. 2021 წელს მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს დადებით, წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.