საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში 2012 წელს სენატორ შაჰინსა და სენატორ რიშთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის მას მადლობა გადაუხადეს.
„შაჰინი მოვიდა მეორე საღამოს სენატორ რიშთან ერთად, რომელიც ახლა არის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე. მათ მითხრეს დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა. ისინი მოვიდნენ მადლობის სათქმელად, მე ვუთხარი, ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რაღაცაში. ამის შემდეგ ვნახე ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი. რამდენიმე კვირაში ფენიქსში, მაკკეინმა მიგვიწვია თავისთან სახლში. ამ შეხვედრას ესწრებოდა დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე. მათი თანდასწრებით მან თქვა, რომ შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი. ჯორჯ ვაშინგტონი იყო ადამიანი, ვინც იყო ამერიკის წარმატებული პრეზიდენტი, ამერიკის დამფუძნებელი მამამთავარი, რომლის სახელიც ჰქვია ამერიკის დედაქალაქს, რომელსაც შესთავაზა კონგრესის უმეტესმა ნაწილმა, რომ მას თავი გამოეცხადებინა მეფედ და სამუდამოდ დარჩენილიყო ამერიკის მმართველად. ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა, რომ ამერიკა არის რესპუბლიკა და მე არასდროს ვიქნები მუდმივი მმართველი. მე ვზღუდავ ჩემს ვადას და მივდივარ მმართველობიდან. აქედან მოდის ამერიკის ფილოსოფია, რომ ქვეყანა არ ეკუთვნის არავის, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტი, ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანამდე ჯინ შაჰინმა განაცხადა: 2012 წელს საქართველოში მივედით პრეზიდენტთან, რათა გვეცადა და გადაგვეფიქრებინა მისთვის ხელისუფლებაში დარჩენა.