ესპანეთის უკანასკნელი საფეხბურთო პირველობა კატალონიური „ბარსელონას“ დიდი უპირატესობით მიმდინარეობს. 22 ჩატარებული ტურის შემდეგ „ბარსა“ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება და უახლოეს მდევარს, მადრიდის „ატლეტიკოს“ ცხრა ქულით უსწრებს.
დღეს დილით გამოცემა „Goal.com” კოლუმბიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს ესაუბრა.
სამხრეთ ამერიკელმა განაცხადა, რომ მისი კლუბი კატალონიელებს ბოლომდე მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.
„პირველობის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. „ბარსელონას“ ცხრა ქულა გვაშორებს, მაგრამ ამ დეფიციტის გაბათილების დიდი იმედი გაგვაჩნია.
დარწმუნებული გახლავართ, რომ „ბარსელონა“ მომავალში არაერთ დაუგეგმავ ქულას დაკარგავს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ კატალონიელებს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლებთ.
„ატლეტიკოს“ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ გუნდი ჩემპიონის წოდებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. თუ „ბარსელონას“ დაწევა ვერ მოვახერხეთ, მადრიდის „რეალს“ აუცილებლად ვაჯობებთ.
ამ გუნდს უკვე შვიდი ქულით ვუსწრებთ და მეეჭვება ამ სხვაობის გაბათილება მოახერხონ“. - განაცხადა რადამელ ფალკაომ.