ვირთხის წელთან შედარებით, ხარის წელი საქართველოსთვის უკეთესი იქნება. როგორც for.ge-სთან ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა, პანდემია დასრულდება და ქვეყნის ეკონომიკა აღმავლობას დაიწყებს.
„საქართველოსთვის ხარის წელი უკეთესი იქნება. ყოველ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რომ იდეალური იქნება, მაგრამ თუ ვირთხის წელიწადს შევადარებთ, უკეთესი იქნება. წარმატების შანსებიც მეტი გვექნება, რადგან ხარი უფრო ტრადიციული ნიშანია, მოწესრიგებულია და უფრო მეტად სტაბილურია. წესრიგის დამყარებისა და სტაბილურობის კუთხით, უკეთესი წელი გვექნება. პანდემია შედარებით შემცირდება და ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან წინ წაიწევს“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
ცნობილი ასტროლოგი, პოლიტიკოსებიდან საუკეთესო წელს ბიძინა ივანიშვილს უწინასწარმეტყველებს. მისივე თქმით, ხარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობას ვერ უშველის და კვლავ დაპირისპირებაში იქნებიან.
„კონკრეტულად ვის როგორი წელი ექნება, ასე გამიჭირდება თქმა, რადგან პირადი ჰოროსკოპებია გასაკეთებელი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის 2021 წელი კარგი იქნება. ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის, როგორც გვახსოვს, ისევ ისეთი წელი იქნება. მათ შორის დაძაბულობა არ ჩაქრება, კონფლიქტები და გაწევ-გამოწევები კვლავ იქნება. ამ მხრივ ეს ყველაფერი გაგრძელდება, ოღონდ ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე ამ წელს იყო“, - აღნიშნა for.ge-თან საუბრისას მიხეილ ცაგარელმა.
რაც შეეხება თუ როგორ უნდა შევხვდეთ 2021 წელს და ხარის წელში ტრენდული რა იქნება, ამ რჩევებს ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქიტიშვილი გვიზიარებს.
ავთანდილი გვირჩევს, რომ ახალი წლის ღამეს წითელი ტანისამოსით არ შევხვდეთ, ვინაიდან ხარს წითელი ფერი არ უყვარს. თუმცა, თავად დიზაინერი ამ ტრადიციას არღვევს და როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, 2021 წელს სწორედ წითელი ტანისამოსით ხვდება.
„დღევანდელი მდგომარეობის მოცემულობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულ ვითარებას შევეჯახეთ, ვფიქრობ, ადამიანი მომავლის იმედით ცხოვრობს და ყოველთვის სურვილი აქვს, რომ ცხოვრება გაიხალისოს. პანდემიის მიუხედავად, ახალ წელს გაპრანჭულები უნდა შევხვდეთ. რა თქმა უნდა, სპორტული ტიპის, ნაქსოვი, თბილი, გემრიელი და მოსახერხებელი ტანისამოსი ტრენდულია. ვფიქრობ, მოსახლეობის 90% ახალ წელს ასე, უფრო „სახლურად“ შეხვდება. თუმცა, ამაშიც არის რაღაც განსაკუთრებული, რადგან ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია. ახალ წელს ოჯახებში ვხვდებით და ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებით ენერგეტიკას მოგვცემს, რადგან ვიქნებით იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც ნამდვილად ვუყვარვართ, ამიტომ მხოლოდ პოზიტივი იქნება.
სიმართლე გითხრათ, ჰოროსკოპებზე არ ეწყობა მოდა. ამას ხშირად მეკითხებიან და მეცინება ხოლმე. დიზაინერები კოლექციას რომელიმე ზოდიაქოს ნიშანზე ვერ ააწყობენ. მაგრამ, ახალ წელს ბავშვობა იღვიძებს და ჯადოქრობის გვჯერა ხოლმე. ჩვენც ვითვალისწინებთ ხოლმე რა გაეხარდება ამჯერად ხარს. გვეუბნებიან არ ჩავიცვათ წითელი, რომ ხარი არ გავაღიზიანოთ, მაგრამ მე მიყვარს წითელი და მინდა, რომ ხარი გამოვიწვიო, ამიტომ წითელს ჩავიცვამ. ისე, ახალი წლის ღამეს ბრჭყვიალა, ვერცხლისფერი, თეთრი და ოქროსფერი ტონალობებია მისაღები, თუ ასე ძალიან გჯერათ ჰოროსკოპის“ - განაცხადა ავთანდილ ცქვიტინიძემ.
რაც შეეხება 2021 წლის ტენდეციას, თავად დიზაინერმა გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაში თეთრს მიანიჭა უპირატესობა.
„პანდემიის ფონზე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება მოგვიწია. მოდის მოყვარულებს ვიდეო მასალები ვაჩვენეთ. პრეზენტაციის გაკეთება ინტერნეტ სივრცეში მოგვიწია. ჩემი თემა იყო „ახალი ფურცელი“. „ახალი ფურცელი“ ნიშნავს შავიდან თეთრზე გადასვლას. ჩემი სრული კოლექცია თეთრია. ამით ის მესიჯი გავუშვი, რომ თეთრ ფურცელზე რისი დაწერაც შეგვიძლია და როგორი ფერების შეტანაც შეგვიძლია, ისე გავაფერადოთ ჩვენი ცხოვრებაც.
მსოფლიო ტენდეციები პანდემიის გავლენის ქვეშ იყო და კოლექციები ამ თემატიკას არის მორგებული. თუმცა, რაფ სიმონსისა და „პრადას“ ერთობლივი კოლექცია, რომელიც „პრადას“ სახლისთვის გააკეთეს, არაჩვეულებრივი იყო. ჩვენება იყო ახალი გამოძახილი და ამ გამოწვევებს ნაღვლიანი ელფერი არ ჰქონდა“, - განუცხადა ავთანდილ ცქიტიშვილმა for.ge-ს.
ასე რომ, 2021 წელს თეთრ ვირთხას თეთრი ხარი ჩაანაცვლებს. ჰოროსკოპის მიხედვით, დიდი ცვლილებების წელი იქნება. ამ წელს შესაძლებელი იქნება ყველაფერი იმის გაკეთება, რაზეც თითოეულ ჩვენგანს უოცნებია. ხარი დინჯი, მადლიერი ცხოველია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, არც აქტიურობაზე ამბობს უარს, მოქმედებს სწრაფად და მიზანმიმართულად.
თეთრი ხარის წელიწადში დაფასდება ისეთი თვისებები, როგორიც არის ერთგულება, პატიოსნება და მოთმინება. ვისაც ეს თვისებები არ გააჩნია, შესაძლოა ხარის რქების მსხვერპლად იქცეს.
ხარი შრომისმოყვარე ცხოველია და ამ თვისებას სხვებშიც აფასებს. ხარის წელი ყველაზე ხელსაყრელია პერიოდია კარიერაში წინსვლისთვის.
ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ოჯახს, კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად და განსამტკიცებლად.
გილოცავთ ახალ 2021 წელს!
მრავალს დაესწარით!
ახალ 2021 წელს ყველას, ყველას, ყველას გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ხვავს, დოვლათს ბარაქას!