გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე: ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით

გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე: ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით

ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, რომ ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით და ისაუბრეთ ისე როგორც შეეფერება პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

„სიბინძურის ადგილი პოლიტიკაში არ არის და ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისაუბროს კორექტულად, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს სხვასთან მიმართებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა თავისი პოზიცია. რაღა თქმა უნდა, დავჯდებით, განვიხილავთ ამას, ყველა. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელისთვის​, განსხვავებული მოსაზრება მისაღებია. მყისიერად გამოვარდნა და მით უმეტეს, პერსონალური თავდასხმები ადამიანებზე არის კატეგორიულად მიუღებელი.

ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, რომ ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით და ისაუბრეთ ისე როგორც შეეფერება პოლიტიკოსებს, რადგან სწორედ ეს აყენებს მთავარ ზიანს თითოეულ ოპოზიციურ პოლიტიკოსს, როცა ასეთი სიტყვებით საუბრობენ და მეტყველებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი „ლელოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და გალექსილ პოსტში მას სიმხდალეში სდებს ბრალს.

მამუკა ხაზარაძემ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.