საქსტატი სამუშაო ძალის სტატისტიკაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად დათვლას გულისხმობს. ახალი სტანდარტის შესაბამისად, თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად. მეთოდოლოგიის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება სტატისტიკის წარმოების სრულყოფისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
"სტატისტიკის სრულყოფილად აღრიცხვას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს პოლიტიკის დაგეგმვის და მისი იმპლემენტაციის პროცესში. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკა ზუსტად ასახავდეს ამა თუ იმ სფეროში არსებულ სურათს. ამ კუთხით, სტატისტიკის სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რეფორმა გაატარა და აღრიცხვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი მეთოდოლოგიები არაერთი მიმართულებით დანერგა. მიმაჩნია, რომ სტატისტიკური მონაცემების სრულყოფისკენ გადადგმული ყველა ღონისძიება ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია", განაცხადა გვიდიანმა.
ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკის შესაბამისად, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა. ექსპერტის თქმით, ეს ცვლილება ბუნებრივია, ვინაიდან ახალი მეთოდოლოგია უფრო სრულყოფილად აღწერს უმუშევრობის რეალურ მაჩვენებლებს.
"უმუშევრობის მცირედით ზრდა სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია. მით უმეტეს, ცხადია, რომ გლობალურმა პანდემიამ უმუშევრობის ზრდაზე გავლენა იქონია და, შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა მცირედით გაიზარდა. თუმცა, ვთვლი, რომ მიუხედავად არასასიამოვნო მაჩვენებლისა, მაინც უმჯობესია რეალური სურათი ვიცოდეთ და ამ რეალობას თვალი გავუსწოროთ, ვიდრე თავი მოვიტყუოთ. აქვე ხაზგასასმელია, რომ დასაქმების მაჩვენებელი ბოლო წლებში მაინც იზრდება და, ამ კუთხით ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით, ანუ მოქმედი ხელისუფლების პირობებში დასაქმების მაჩვენებლები მზარდია და ნებისმიერი მეთოდოლოგიით, სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, თუ ძველი სტანდარტით მიიჩნეოდა, რომ 2019 წელს 2012 წელთან შედარებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილი იყო მხოლოდ 31 000-ით, ახალი სტანდარტით აღმოჩნდა, რომ ზრდა არის თითქმის 3-ჯერ მეტი — 84 000 ათასი ადამიანი. დაქირავებით დასაქმებულების ზრდის მაჩვენებელიც გაუმჯობესდა და ნაცვლად ძველი სტანდარტის 133 000-იანი მატებისა , ზრდა არის 138 000 ათასი. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქსტატის ახალი მეთოდოლოგია არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და, აქედან გამომდინარე, ეს რიცხვები გაცილებით სარწმუნოა, ვიდრე ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა", - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.