დიდი სიცივეების წინ დევნილებს ქუჩაში ერეკებიან

დიდი სიცივეების წინ დევნილებს ქუჩაში ერეკებიან

კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების გამოსახლების პროცესს ვერც სიცივე და ყინვა აფერხებს, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებები და ვერც უკვე გამოსახლებული დევნილების აქციები. გამოსახლება ამჯერად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უზნაძის N8-სა და მიცკევიჩის N29-ში შესახლებულ 61 ოჯახს ემუქრება.

როგორც დევნილები აცხადებენ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მერი კოჭლამაზაშვილმა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელმა გიორგი გოგიტიძემ დღეს მათ ხელმოუწერელი განცხადება მიუტანეს და განუცხადეს, რომ 16 დეკემბერს, 14:00 საათამდე შენობა უნდა დაცალონ, მოტივად კი შენობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა დაუსახელეს.

“ამ შენობაში უკვე ორი წელიწადია, ვცხოვრობთ. შესახლებამდე შენობის შესახებ ინფორმაცია როგორც რეესტრში, ისე მერიაში მოვიძიეთ. ეს იყო 12 წლის განმავლობაში დაკეტილი, უფუნქციო შენობა. თავის დროზე აქ ცხოვრების უფლება მოგვცეს. ახლა კი, როდესაც ფეხი ოდნავ მოვიკიდეთ და გარკვეული სახსრებით თავის რჩენასაც ვახერხებთ, მოვიდნენ რაღაც გაურკვეველი განცხადებით, რომელსაც არც ბეჭედი აქვს და არც ხელმოწერა და განგვიცხადეს, რომ შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია და 16 დეკემბრამდე უნდა დავცალოთ. ისიც კი გვაკადრეს, “ომი რომ არ ყოფილიყო, რას აპირებდითო?!” - აცხადებს კოდორის ხეობიდან დევნილი სვეტლანა წულუხაძე.
უზნაძის N8-ში - 20, ხოლო მიცკევიჩის N29-ში აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და კოდორის ხეობიდან დევნილი 41 ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ფოცხოსა და ეწერში სთავაზობენ, დანარჩენებს კი - საერთოდ არაფერს.

ასეთ “ყურადღებას იჩენს” დევნილთა მიმართ ხელისუფლება. პრინციპში მთავრობას “ყურადღებას” დევნილებიც არ აკლებენ და თითქმის ყოველ მე-3-4 დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ბოლო ასეთი გამოსვლა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მოეწყო.  

აქციის სტაჟიანმა ორგანიზატორებმა ლაშა ჩხარტიშვილმა და ალექსანდრე შალამბერიძემ ხელისუფლებას დევნილთა უფლებების დარღვევის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს. მათი განცხადებით, საქართველოში ყველა სფეროში უფლებები ირღვევა. მათ შეზღუდული აქვთ საცხოვრებელის ქონის, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებები.  

შალამბერიძემ ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც სთხოვა მსგავს აქციებში მხარდაჭერა. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დასრულება და მისი გადაყენება სწორედ ამგვარი ტიპის აქციების გააქტიურებით არის შესაძლებელი და არა აბსტრაქტული დაუმორჩილებლობის გამოცხადებით. 

ბოლო თვეების განმავლობაში დევნილთა გამოსახლების პროცესმა მარლთაც ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ თვით უშფოთველი ევროპელი ჩინოვნიკებიც კი დააფიქრა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 5% დევნილია. სახელმწიფო მათზე ძალზე გულისყურით უნდა ზრუნავდეს, თუმცა ყველაფერი პირიქითაა. ევროსაბჭოს წარმომადგენლები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ზაფხულში ჩასახლების ობიექტებიდან 5000-ზე მეტი დევნილის გამოსახლება საქართველოს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით განხორციელდა. 

ზოგ შემთხვევაში ალტერნატიული თავშესაფარი ნორმალური ცხოვრების მინიმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. გამოსახლებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალი საცხოვრებელი ან კომპენსაცია საერთოდ არ შესთავაზეს.