სულაც არ მიკვირს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხოშტარია ხვალ შემოქანდება პარლამენტში,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას.
ზარქუას შეფასებით, ხოშტარიას ნაბიჯი სწორია, რადგან მას, ვისაც პოლიტიკოსობაზე ამბიცია აქვს, რთულია დარჩეს პარტიაში, რომელსაც „გაკოტრებული ლიდერები ჰყავს და საკუთარი ამომრჩეველიც არ აძლევს ხმას“.
„არ ვიცი, ელენე ხოშტარიას წასვლის მიზეზი რა არის, თუმცა მის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი, იმიტომ, რომ როდესაც პარტიას ყავს გაკოტრებული ლიდერები და საკუთარი ამომრჩეველიც ხმას არ აძლევს, ალბათ რთულია, დარჩე პოლიტიკოსი, რომელსაც პოლიტიკოსობაზე ამბიცია გაქვს. ამიტომ სულაც არ მიკვირს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხოშტარია ხვალ შემოქანდება პარლამენტში. არ მგონია. თუმცა ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გააკეთა, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ალბათ, არიან ადამიანები, რომლებმაც თავი უნდა დაიხსნან იმ მძევლობისგან, რაც იქ ხდება“,- განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს.საკითხზე პარტიაში განცხადება დღის მეორე ნახევარში გაკეთდება. სად გააგრძელებს ხოშტარია პოლიტიკურ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია.