საქართველოში ევროკავშირის ელჩი ქვეყნის მოსახლეობას სტუმართმოყვარეობისთვის მადლობას უხდის. „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში კარლ ჰარცელმა მოსახლეობას ასევე პანდემიის პირობებში ექიმების რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობის შესახებ შეახსენა და ახალი წელიც მიულოცა.
„ერთ–ერთი მყარი რეკომენდაცია, რომელიც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მოქალაქეებმა შეასრულონ ექიმების რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყრობით ამ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ამ საშინელი პანდემიისგან თავის დაღწევას. რაც შეეხება იმას, თუ რა მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას - დიდი მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა მე და ჩემს მეუღლეს ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ამ შესანიშნავ ქვეყანაში. მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის, მადლობა ყველას, ვინც ცდილობს გააძლიეროს ეს ქვეყანა და განამტკიცოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. გილოცავთ ახალ წელს – იმედი მაქვს რომ სწორად გამოვთქვი“, - განაცხადა ჰარცელმა.