კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მოელის, რომ პარლამენტში პარტიების მთელი სპექტრი იქნება წარმოდგენილი

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მოელის, რომ პარლამენტში პარტიების მთელი სპექტრი იქნება წარმოდგენილი

ევროკავშირი მოელის, რომ პარლამენტში პარტიების მთელი სპექტრი იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, გზის პოვნა ყველა მხარის პასუხისმგებლობაა.

„მე, როგორც ფასილიტატორს სწორედ ეს მოლოდინი მიმაგრებს ზურგს. ისეთი გზის პოვნა, რომელიც ყველას მისცემს შესაძლებლობას, რომ შეავსოს ეს პარლამენტი და გამოიყენოს ის, როგორც დემოკარტიისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. .. ეს ფუნდამენტური საკითხია, პასუხისმგებლობის საკითხია და პასუხისმგებლობას რაც შეეხება - ყველა მხარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია, რომ იპოვონ გზა“, - განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი დემოკრატიის სუსტი მხარეა. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ ხელიდანაა გაშვებული შესაძლებლობა პოლიტიკური დებატებისა, რაც აუცილებელია პარლამენტში.

„უნდა იყოს შესაძლებლობა სხვადასხვა პარტიის აზრის მოსმენისა ნებისმიერი კანონპროექტის შესახებ იმისთვის, რომ ეს კანონი კარგი გამოვიდეს. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, ცხადია ხელისშემშლელი ფაქტორია. კიდევ ერთხელ ყველა შესაძლებლობა უნდა მოიძებნოს, რომ მოხერხდეს პარტიების მონაწილეობა ამ პარლამენტში. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ დისკუსიების გაგრძელების მზადყოფნა ყველა მხარეს აქვს და სწორედ ეს არის ამოსავალი. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ, რა საკითხზე შევძლებთ გამოვნახოთ საერთო შეხების წერტილები, რაც გაგვიძღვება იმ შეთანხმებისკენ, რომლისკენაც ვისწრაფვით უკვე რამდენიმე კვირაა“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.