„ოპოზიცია ბოიკოტს „ქართულ ოცნებას“ კი არა, მის ამომრჩეველს უცხადებს და მომავალ არჩევნებში უპასუხისმგებლო ძალას ხმას აღარ მისცემს საკუთარი ამომრჩეველი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მოქმედებებმა უკიდურესად დამაზიანებელი ხასიათი შეიძინა.
„დასავლელი პარტნიორები ეუბნებიან, რომ შედით პარლამენტში და იქ გამოიძიეთ, იქ იმუშავეთ და შეცვალეთ. იმის ნაცვლად, რომ ამაზე პასუხი ჰქონდეთ, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის ელჩებს და მათ როლს დემოკრატიულ პროცესებში. ამ ყველაფერს ემთხვევა ოპოზიციის ლიდერის წასვლა, რომლის განცხადებებიც და არგუმენტებიც იყო უმძიმესი დიაგნოზი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, -აღნიშნა არჩილ თალაკვაძე.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რეალური საკითხების გარშემო, შევიდნენ პარლამენტში და იქ აჩვენონ, როგორ კეთდება ცივილიზებული პოლიტიკა, ამისთვის კი მმართველი გუნდი მზადაა.