რიცხვი ცამეტი აქტუალობას არ კარგავს. ცამეტში გამართლებასა თუ გაუმართლებლობაზე ადამიანები თვეში ერთხელ მაინც ფიქრობენ.
ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში 13 მართლაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ერთ-ერთი მათგანი კომპოზიტორი რიჰარდ ვაგნერი გახლდათ.
ის 1813 წელს დაიბადა. მისი გარდაცვალების რიცხვი კი 13 თებერვალი იყო. მას 13 ოპერა აქვს დაწერილი, მისი სახელი და გვარი 13 სიმბოლოსგან შედგება, ხოლო დაბადების წლის ციფრთა ჯამი ცამეტს შეადგენს. მისი ოპერების პრემიერების, წარმატებებისა და ფიასკოების თარიღებიც მუდამ, რატომღაც, 13 რიცხვს ემთხვეოდა. კომპოზიტორმა ემიგრაციაში 13 წელი გაატარა და ემიგრაციის უკანასკნელი დღე 13 სექტემბერი გახლდათ.
რიცხვი 13-ის გარშემო არსებულ ცრურწმენასთან ერთად, პარასკევის ფენომენიც მეტად საინტერესოდ გამოიყურება.
„საპარასკევო ცრურწმენის“ ყველაზე ცნობლი მსხვერპლები ნაპოლეონი და ბისმარკი გახლდნენ. ამბობენ, რომ ნაპოლეონი ამ დღისთვის ბრძოლას არასოდეს გეგმავდა, ხოლო კანცლერი ბისმარკი შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს არ აწერდა ხელს.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პრობლემებს უნდა ველოდოთ, როდესაც 13 რიცხვი პარასკევს ემთხვევა. იმასაც კი ამბობენ, რომ ამის მეცნიერული დასაბუთებაც არსებობს. მაგალითად, გერმანიის ერთიანმა ავტოკლუბმა 1984 წელს ავარიების 30 პროცენტიანი გახშირება დაადგინა - განსაკუთრებით იმ დღეების ხარჯზე, როდესაც პარასკევი 13 რიცხვს დაემთხვა. ასეთი კი იმ წელს სამი თვე ყოფილა. სამწუხაროდ, ექსპერტებმა მხოლოდ ერთი წლის შედეგები შეაჯამეს და მხოლოდ თარიღსა და დღეზე გააკეთეს აქცენტი და არც ამინდი გაითვალისწინეს და არც სხვა ფაქტორები.
ინგლისელი „სტატისტიკოსების“ მტკიცებით, როდესაც თვის მეცამეტე დღეს პარასკევი ემთხვევა, საავადმყოფოებში მოხვედრის რისკი 25 პროცენტამდე იზრდება. ამასთან, არავის არ ჩაუთვლია საჭიროდ, გამოეკვლია, ეს თვითრწმენის შედეგი ხომ არ იყო.
პარასკევისა და ცამეტის შესახებ მხოლოდ ცუდს არ წერენ.
ინდუისტებისთვის პარასკევი განსაკუთრებულად ბედნიერი დღეა და სწორედ ამ დღეს იმართება ქორწილების უმრავლესობა.
საფრანგეთის მეფისთვის, ლუდოვიკო მეცამეტისთვის, ცამეტი ყველაზე ბედნიერი რიცხვი ყოფილა და როგორც ამბობენ, მან სწორედ ამიტომ იქორწინა 13 წლის ანა ავსტრიელზე.