„ჩელსის“ იურგენ კლოპი ჩაიბარებს

„ჩელსის“ იურგენ კლოპი ჩაიბარებს

ბოლო რამდენი თვის განმავლობაში ბრიტანულ მას-მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ უახლოეს მომავალში ესპანელი რაფაელ ბენიტესი სამსახურს გამოეთხოვება.

სენიორ რაფა ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახლავთ. ესპანელმა ამ თანამდებობაზე იტალიელი რობერტო დი მატეო შეცვალა.

კლუბი „ლივერპულის“ ყოფილი დამრიგებელი რომან აბრამოვიჩის გუნდში სასურველი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. ინგლისის პრემიერ-ლიგის პირველობაზე „ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ეს მდგომარეობა ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორს არ აწყობს. ბატონმა აბრამოვიჩმა ახალი სეზონისთვის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ძიება უკვე დაიწყო.

რუსი მილიარდერი თავდაპირველად პეპ გვარდიოლას დაუკავშირდა, მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მიიღო. შემდეგ დღის წესრიგში ჟოზე მოურინიოს კანდიდატურა დადგა. „განსაკუთრებულს“ დღემდე ახსოვს ის მწარე დღეები, როდესაც აბრამოვიჩმა სამსახურიდან დაითხოვა. ესპანური მას-მედიის ცნობით, „ერთადერთმა“ რომანს უარი შეუთვალა.

დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „The Telegraph” გაავრცელა ცნობა, რომ აბრამოვიჩი დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

ცოტა ხნის წინ კლოპმა „ბორუსიასთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად ბრიტანელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ახალი სეზონიდან ჰერ იურგენი ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს.