„მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა, ამ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რადგან მათი აბსოლუტურად არასწორი რაკურსის მქონე კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციის როლი არის მაინც განსაკუთრებული ქვეყნის განვითარებაში",-განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას. მან ფრიდრიხ ებერტის (გერმანული) ფონდის დაკვეთით, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევიდან ამონარიდი გააცნო სხდომას, რომელიც მთავრობის შემადგენლობის ანტიკრიზისულ საქმიანობას პოზიტიურად აფასებს.
„კვლევის ფარგლებში ფონდმა შეისწავლა ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში. ჩემი აზრით, აქ ობიექტურობაზე კითხვის ნიშნები არ ჩნდება. კრიზისის მართვის მენეჯმენტი ობიექტური შემფასებლების დასკვნებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კარგად შეძლო იმ შემადგენლობამ, რომელიც ხელახალი ნდობის მისაღებადაა ჩვენ წინაშე წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენვე უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ოკუპაცია და სიღარიბე, ზოგადად, ჩვენი მთავარი სატკივარია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეძლო სიღარიბე შეემცირებინა (10%-ზე მეტით), ამ მიმართულებით უსერიოზულესი პრობლემები კვლავაც რჩება. როდესაც 700 000 ადამიანი გყავს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა, აქ უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი წლების განმავლობაში და კმაყოფილებას ვერ მივეცემით.
რა თქმა უნდა, გვაქვს ხარვეზები მენეჯმენტშიც. უნდა შევეხო კორუფციასაც. ჩვენ თუ შევძელით ის,რომ 2012 წლის შემდეგ სისტემური დანაშაული - კორუფცია- ყოფილიყო გამონაკლისი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს ძალიან იშვიათი გამონაკლისი", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან ისაუბრა ასევე სხვადასხვა ბიუროკრატიულ პრობლემებზე, რომელიც მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ პროცედურები ყოველწლიურად იხვეწება და მარტივდება.
„არის ასევე სხვადასხვა პრობლემები კომუნიკაციაში. როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, პროექტები, რომლის შესახებაც ბევრ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს, არადა ამ პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში ესა თუ ის ადამიანი საკუთარ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებდა. არის შემთხვევები, სადაც უნდა ვებრძოლოთ არა შედეგებს, არამედ ამ შედეგების გამომწვევ მიზეზებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა სწორი, კონკრეტული დიაგნოზი და პრობლემის იდენტიფიკაცია.
„ისეთ რთულ პერიოდში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მსოფლიოს დაატყდა თავს პანდემიის სახით, ამ გუნდმა შეძლო პრობლემებთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ იგივე გუნდი შეძლებს პოსტკრიზისულ პერიოდში კარგად გაუმკლავდეს კრიზისის შედეგად მიღებულ ნეგატიურ შედეგებს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გვეუბნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმის პარალელური დათვლის მონაცემებია გაყალბებული; სადაც პასუხს გთხოვენ ისეთ რაღაცაზე, რომელიც არათუ დაგიშავებია, არამედ ყველაფერს აკეთებ ამ რაღაცის აღმოსაფხვრელად, თუმცა როცა სასწორის ორი პინიდან ერთზე დემოკრატიის მაღალი ხარისხი დევს და მეორე მხარეს ეს ყოველდღიური დაბრალებები, ზოგჯერ გვიწევს მსხვერპლიც გავიღოთ და დემოკრატიის ხარისხის სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ბევრი რამ მოვითმინოთ და ავიტანოთ", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან მიმდინარე პერიოდის 3 ძირითადი გამოწვევა დაასახელა: პანდემია, პანდემიის გავლენით დასუსტებული ეკონომიკა და პოლიტიკური ვირუსი „ნაცმოძრაობის" სახით.
„განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა „ევროპულ საქართველოდ" წოდებული პოლიტიკური შტამი, რომელიც სწრაფად ცდილობს გავრცელებას ოპოზიციაში, თუმცა მგონია, რომ ამის შეკავებასაც დროულად შევძლებთ. თუ კრიზისში შევძლით, რომ სისტემამ, ხელისუფლებამ გაუძლო და თავი გაართვა პრობლემების ჯერ იდენტიფიცირებას, ხოლო შემდეგ გადაჭრას, ვფიქრობ, პოსტკრიზისულ პერიდოში გაცილებით სწრაფი ტემპით შევძლებთ განვითარებას. ჩვენ ეს პრობლემა ამავე დროს უნდა განვიხილოთ შესაძლებლობად. ეს ჩვენი ფრაქციის საერთო განწყობაა. ჩვენ ვენდობით მთავრობის წარმოდგენილ გუნდს", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.