პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო და გიორგი გახარიას მიამრთა, ხომ არ არსებობს სამართალდამცავთა სისტემის თანამშრომლების სოციალური გარანტიების პაკეტი, რამდენადაც ისინი ურთულესი სისტემის თანამშრომლები არიან და მათ ეს განსაკუთრებით სჭირდებათ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემის დაღუპილი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები. „გმირი უნდა იყოს მაგალითი და გმირის ოჯახი უნდა იყოს დაფასებული, იმისთვის, რომ ადამიანებმა ნახონ რომ სახელმწიფო ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის ინტერესები", -განაცხადა დეპუტატმა.
კახა კახიშვილი ასევე შეეხო ქუჩის სპორტის პოპულარიზაციას და განაცხადა, რომ ცუდი არ იქნება თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. „მინდა გთხოვოთ, იქნებ რამე გეგმა გვქონდეს ჩვენ ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერსა და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ამავდროულად ცუდი არ იქნება თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. მაგალითად, არ არსებობს, რომ სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და სიმბოლურ თანხად ამეცადინებდეს ბავშვებს საღამოობით, ეს იქნება კარგი და მე ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ".
დეპუტატმა საკითხი დააყენა ვეტერანების დახმარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „სამწუხაროდ ვეტერანები გაყვეს „ჩემს ვეტერანებად" და „სხვის ვეტერანებად" და არ არის გათანაბრებული მათი დახმარება, რაც უბრალოდ უხერხულია. ამ კუხით ხომ არ ვიფიქროთ ჩვენ, რომ ერთიანი სტაბილური სისტემა შევქმნათ ვეტერანების დასახმარებლად".
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს მიმართა შშმ პირების დახმარებას შეეხება და განაცხადა, რომ „დღევანდელი მოქმედი რეგულაციით ისინი 18 წლამდე იღებენ დახმარებას, 18 წლის შემდეგ კი დახმარება აღარ ეძლევათ და სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს მშობელმა რომ არის მზრუნველი და ა.შ., რაც რა თმა უნდა, ურთულესი პროცედურებია და ამაზეც ხომ არ ვიფიქროთ. იმიტომ, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის პირი, ხარჯი ემატება ოჯახს და ვფიქრობ, არალოგიკურია, რომ დახმარება მხოლოდ 18 წლამდეა".