ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტი იწყება დადგენილი საზღვრიდან, დაუდგენელი საზღვარი ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაც გაუგებრობის წყარო. ამის შესახებ განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ერთი ქვეყნის საზღვარი არის შეთანხმების საკითხი და ამაზე ორი მხარე უნდა შეთანხმდეს. შესაბამისად, მისი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და მთავრობისთვის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი და რამდენად რეალისტურად ესახებათ მათ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის ვადაში მოხერხდეს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან საზღვრების შეთანხმება.
დეპუტატის მეორე კითხვა შეეხებოდა ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.
„მე თქვენ არ გთხოვთ ჩამოთვლას იმ სახელმწიფოებისა, რომლებიდანაც შეიძლება ამის რისკი მომდინარეობდეს, მაგრამ თუკი არის ამის რისკი საერთოდ, როგორ მუშაობთ თქვენ ამ რისკების აღმოსაფხვრელად, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ასეთ სარისკო ზონაში არიან ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მაინცდამაინც ახლო ურთიერთობა არ გვაქვს და არც საელჩოები გვაქვს იქ გახსნილი. რამდენად არის ამის რისკები და რა კეთდება ამის აღმოსაფხვრელად?“, - განაცხადა სამხარაძემ.