ჩვენი ოპოზიციის ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მოულოდნელად შეიძლება პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, ევროატლანტიკურ არჩევანს საფრთხე დაემუქროს - გარკვეული პოლიტიკური ძალები ანტიდასავლური გავლენის ქვეშ ექცევიან, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოწინააღმდეგე ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება და ამ საფრთხეების ხასიათი სულ უფრო ჰიბრიდული და ტექნოლოგიური ხდება.
„შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება ითხოვს სწრაფ სვლას დასავლეთისკენ. ჩვენმა მთავრობამ სწორად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობით და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით რეგიონული მშვიდობის შენარჩუნობა შესძლო, მაგრამ ეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დაჩქარებულად წავიდეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. გაქვთ თუ არა ახალი იდეა, რაზეც დასავლეთი უარს ვეღარ იტყვის და რითაც ჩვენი ინტეგრაცია უფრო დაჩქარდება“, - მიმართა გიორგი გახარიას გიორგი ხელაშვილმა.