დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოვიდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა.
„დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამის ორი შემთხვევა აღმოვაჩინეთ. ახალი შტამი იმ პირებს გამოუვლინდათ, რომლებსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოსულ პირებთან ჰქონდათ კონტაქტი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე აღმოჩენილი ახალი შტამი“, - აღნიშნა მეთ ჰენკოკმა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის თქმით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოსულ პირებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.