„ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს მოუწოდოს, რომ დემოკრატიულად იმოქმედონ და პარლამენტში შემოვიდნენ, როგორც ეს მათ ამომრჩეველმა დაავალა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება მოქმედებს დემოკრატიული პრინციპის გათვალისწინებით.
„ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს მოუწოდოს, რომ დემოკრატიულად იმოქმედონ და პარლამენტში შემოვიდნენ, როგორც ეს მათ ამომრჩეველმა დაავალა. სახელმწიფო დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება მოქმედებს ევროპული, დემოკრატიული პრინციპის გათვალისწინებით. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი რომ არ იყოს, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ვენეციის კომისიამ ამაზე დასკვნა გააკეთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. ამასთანავე,„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, მეორე მოსმენით განხილვამდე პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.