გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე: მეორე მოსმენით განხილვის გადადება არის უკან დახევა

გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე: მეორე მოსმენით განხილვის გადადება არის უკან დახევა

პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის გადადება არის უკან დახევა. ხელისუფლებაში თვითონაც მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ ეგონა, რომ ამ წნეხით მოკლე ვადაში რაღაც შედეგს მიიღებდა, მაგრამ ეს შედეგი მათ ვერ მიიღეს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ინიციატივა საერთოდ უპერსპექტივოა, ვინაიდან ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სამართალთან შეუსაბამო მექანიზმების გამოყენება ყოველთვის იქნება ნეგატიურად შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის გადადება არის უკან დახევა. თვითონაც მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს. არ შეიძლება, ქმნიდე მოლაპარაკებების გამართვის ილუზიას და ამავე დროს უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა შანტაჟის გზით მას, ვინც მოლაპარაკების მაგიდასთან ზის. ეს წარმოუდგენელია და უკანონოა. მოვუწოდებ მმართველ გუნდს, რაციონალურად შეხედონ პროცესს. ასეთი ტიპის ბერკეტის გამოყენება ოპოზიციაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. ისინი ახლა გამოსავლის ძიებით უნდა იყვნენ დაკავებულები“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ მეხუთე რაუნდი გაიმართება მაშინ, „როცა „ქართული ოცნების“ წიაღში რაციონალური მარცვალი გაჩნდება“.

„რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, კონკრეტული დრო და თარიღი ჩვენ არ ვიცით. ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ჩვენი პარტიისთვის შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მეორე მხრივ კი, პირველი მოსმენით იღებს კანონს, რომელიც მოლაპარაკებებს ხელს უშლის. ჩემი აზრით, მეხუთე რაუნდი გაიმართება მაშინ, როცა რაციონალური მარცვალი გაჩნდება „ქართული ოცნების“ წიაღში“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. ამასთანავე,„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, მეორე მოსმენით განხილვამდე პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.