პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირის გაუგზავნონ, გაბედული ინიციატივაა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან არ მოვიდეს ისეთი შეფასებები, როგორიც გაგზავნის ინიციატორებს წარმოუდგენიათ.
„ეს გაბედული ინიციატივაა თუ შეიძლება ასე ითქვას იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული იქიდან არ მოვიდეს ისეთი შეფასებები, როგორც წარმოუდგენია გაგზავნის ინიციატორებს. მე მგონია, რომ ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას განსხვავებული აზრი ექნება, მაგრამ თავისთავად სვლა არის სწორი. ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, რომ შესწორება შესთავაზონ და არ არის გამორიცხული, რომ ვენეციის კომისიამ მოიწონოს ძირითადი ნაწილი. გავიხსენოთ რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს, მან ზუსტად ეს ნაბიჯი გადადგა - გამოიტანა დადგენილება, რომელიც გულისხმობდა პარტიების დაფინანსების გაუქმებას და რომ არა 2008 წლის ომი, ეს ასე დარჩებოდა და ახლა იგივე გზით მიდის „ქართული ოცნება“. უბრალოდ მე ვთვლი, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება და ძალიან გაჭირდება პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება იმ შემთხვევაში თუ მათ დაფინანსება არ ექნებათ. არ არის გამორიცხული, რომ ამ კანონპროექტებში ზოგიერთ პუნქტს, მიდგომას იქ სხვანაირი შეხედულება დახვდეს“, - განაცხდა მამუკა არეშიძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ.
კობახიძის ინიციატივაა, რომ კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა სწორედ მას შემდეგ გაიმართოს, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია იქნება ცნობილი. აღნიშნული ინიციატივით კობახიძე პლენარულ სხდომაზე გამოვიდა, სადაც პირველი მოსმენით პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.