ზურაბ ჯაფარიძე: ერთგვარად უკან დახევაა, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან

ზურაბ ჯაფარიძე: ერთგვარად უკან დახევაა, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან

ერთგვარად უკან დახევაა, რადგანაც შეაჩერეს და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან, თუმცა ამით ამ ინიციატივების დაყენების არსი ხომ არ იცვლება?!, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მან კომენტარი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ინიციატივაზე გააკეთა.

მისი აზრით, ეს საკითხი ოპოზიციასთან ვაჭრობის საგნად არ გამოდგება და აღნიშნული ნაბიჯი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" არსებული პოლიტიკური კრიზისი გააზრებული არ აქვს.

„აქ საუბარი არ არის, რამდენად სწორია პარტიების დაფინანსების წესი. ჩემი აზრით, ფუნდამენტურად არასწორია და წესი გასასწორებელია. პარტიები საკუთარი მხარდამჭრებისგან უნდა იღებდნენ დაფინანსებას და ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები დაპოლიტიკური სისტემა გაუმჯობესდეს, პარტიები მართლაც პარტიებს დაემსგავსოს. თუმცა, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება" ასეთი ტიპის ინიციატივით ცდილობს, დააშანტაჟოს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც შეჩვეულია, წლების განმავლობაში ჩამოკიდებული რომ არის საბიუჯეტო დაფინანსებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, მთელი მათი პარტიული ოფისები და რესურსები ამ დაფინასებაზეა დამოკიდებული. იგი აშანტაჟებს, რომ ამ დაფინანსებას შეუწყვეტს, ჩახსნა მოუწევთ, დასუსტდებიან, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ", - განაცხადა ჯაფარიძემ.