მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომაზე ადგილები პერსონალურად არ არის განაწილებული და ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში მიმდინარე „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ განაცხადა.
„როგორც ახლა მეუბნებიან, საზოგადოების ნაწილში გამოიწვი გარკვეული რეაქცია იმან, რომ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში ორივე მხარეს არიან გადანაწილებულნი. საზოგადოებას, მედიას იმ ჟურნალისტებს, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ რეაქციებს ახდენს, განვუმარტავ, რომ ეს არის ფრაქციის სხდომა და ბუნებრივია, ადგილები ასე პერსონალურად არ არის განაწილებული. ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არის, ტყუილად ნუ ანერვიულდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ დღეს მინისტრობის კანდიდატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მოუსმენენ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი გახარიას უსმენენ.