„ანაკლიის პორტი კვლავაც ჩვენი პრიორიტეტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
„ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა ტარდება, სადაც საკუთარ პროგრამას ეკონომიკური პროფილის 4 კანდიდატი წარადგენს.