საუბარია 10 000 დამატებით სიკვდილზე, თუ იმ გზით წავალთ, რომ ვთქვათ, ბუნებრივი გზით წავიდეთ და მივიდეთ ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტამდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს 41% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის სასურველ დონეს ვერ მივიღებთ. ის, რომ მაგალითად, კოვიდი მოსახლეობის ცხრა პროცენტს აქვს გადატანილი, ეს 10% დაახლოებით, 2 000 სიკვდილად დაგვიჯდა და მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, არ ვარ მზად, რომ 60%-მდე ავიდეთ იგივე პრინციპით და კიდევ დაიღუპოს 10 000 ადამიანი. 10 000 ადამიანის დაღუპვა ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს?! თან, ყველა არ არის 75 და 80 წელს ზემოთ ასაკის, ვიღაცები რომ ამბობენ, ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესია, ვინც ხანდაზმულია, ის მიდის და ეს ვირუსი იმისთვის არის მოვლენილი, ეს გააკეთოსო. ასეთი ფაშისტურ-ცინიკური გამოთქმებიც კი გამიგია. რეალურად, ეს არ არის ასე. საუბარია 10 000 დამატებით სიკვდილზე, თუ იმ გზით წავალთ, რომ ვთქვათ, ბუნებრივი გზით წავიდეთ და მივიდეთ ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტამდე“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, ეპიდემიოლოგიური ხანძარი ჩავაქროთ, რომელიც ახლა მინელდა.
„ერთ-ერთი გზა არის ვაქცინა და ამ ვაქცინამდე ისე უნდა მივაღწიოთ, რომ პარალელურად, სახლიდან არ გამოვიდეთ, ხოლო თუ გამოვალთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ“, – განაცხადა ზოიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული რეგულაციები 24 დეკემბრიდან მოიხსნება, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება, შეზღუდვები გაშლილი ზამბარის პრინციპით მოიხსნას.
„არ შეიძლება, ცხრა დღე გვქონდეს ისევ ისეთი ყბადაღებული შავი პარასკევი, როგორიც 27 ნოემბერს გვქონდა. ახლა, წინა საახალწლო პერიოდში მით უმეტეს იქნება ასე ვთქვათ, საყოველთაო ჩახუტების დღესასწაული, რომელიც სამწუხაროდ, დღესასწაულიდან ძალიან ცუდ მოვლენად გადაიქცევა, რადგან ადამიანები დაგვეღუპება“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე და შემდეგ, 2 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდი ბეწვის ხიდზე სწორად გავიაროთ.
„ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ყველას ახლობელი ხომ არ უნდა გარდაიცვალოს იმისთვის, რათა ვირწმუნოთ, რომ ეს კოვიდი არსებობს?! არ შეიძლება, როგორც საზოგადოება, აქამდე მივიდეთ. თუ პირბადის ტარების მაჩვენებლით 95%-ზე, ოქროს სტანდარტზე ავალთ, როგორც სინგაპურშია, სიეტლის ჯანმრთელობათა გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით ეს თითქმის, ყველანაირ შეზღუდვას ჩაგვინაცვლებს, რაც აქამდე გვქონდა, თუ გვექნება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, თუ თებერვლამდე გეგმის მიხედვით სტაბილურად მივალთ ისე, რომ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 000-ის ქვემოთ გვექნება, გაზაფხულის მერე ადამიანები გარეთ გამოვლენ.