ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციაზე: საერთოდ არ მჯერა, რომ ახლა ვინმეს ბრძოლის გაგრძელების რამე კონკრეტული გეგმა ჰქონდეს

ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციაზე: საერთოდ არ მჯერა, რომ ახლა ვინმეს ბრძოლის გაგრძელების რამე კონკრეტული გეგმა ჰქონდეს

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა, მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადებით პარლამენტისთვის მიემართა.

„ყველა პარტიამ განცხადება დაწერა, სიები ჩახსნა და ბოიკოტის რეჟიმი გააფორმა. მეც იმავე რეჟიმში ვარ და იგივე გავაკეთე. „გირჩი” გაიყო, ის ადამიანები ცალკე არიან, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იაგო ხვიჩია არის. მათი საჯარო განცხადებები მოვისმინე და მათი დამოკიდებულებაა, რომ თუ პატარა შანსი მაინც არსებობს, რომ პარლამენტში შევიდეს 113 დეპუტატი, მათ ამ შანსზე უარის თქმა არ უნდათ და პარლამენტში შევლენ. შეიძლება, ასეთი შანსი ბევრი თვის განმავლობაში არსებობდეს ან უსასრულოდ. ამიტომ, ინდივიდუალური გადაწყვეტილება მივიღე, განცხადება დამეწერა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, პარლამენტის გარეთ რა გზა რჩება ოპოზიციას და იმაზე მეტი ბერკეტი ექნება თუ არა, რაც პარლამენტში ექნებოდა, ჯაფარიძე ამბობს, რომ საერთოდ არ სჯერა, რომ ამ მომენტისთვის ვინმეს რამე კონკრეტული ხედვა და გეგმა ჰქონდეს, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას.

„ჩემს თავზე და „გირჩზე” შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ოთხი წელი პარლამენტის გარეშე ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით, კონკრეტული შედეგიც დავდეთ და ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.