“ცენზი არ არის პარტიის აკრძალვა, პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პროცედურა კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ამოქმედდება შემდეგი არჩევნებიდან“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
„კონსტიტუციით არის დაწესებული ოთხი საარჩევნო ცენზი. ერთი ეს არის მოქალაქეობის ცენზი, მეორე - ნასამართლეობის ცენზი, პირი რომელიც არის ბრალდებული და სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არ არის უფლებამოსილი იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში, არ ფლობს აქტიურ საარჩევნო უფლებას. დამატებით დაწესებულია ასევე ასაკობრივი ცენზი, ასევე დაწესებულია, ადრე ეწოდებოდა ქმედუნარიანობის ცენზი და ახლა აქვს განსხვავებული დასახელება. თუ საარჩევნო აგიტაციაში, ორი თვის განმავლობაში, პირი როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ამ შემთხვევაში შესაბამის სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია. ანუ, არ არის საუბარი პარტიის აკრძალვაზე, არჩევნებში სუბიექტი ვერ მიიღებს მონაწილეობას. წარმოვიდგინოთ, რომ პირი, რომელიც არის მაგალითად ტერორიზმში მხილებული, ის იძებნება ქართული კანონმდებლობის საფუძველზე საზღვარგარეთ და წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტერორისტი, გამოდის არჩევნებში, როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ორი თვის განმავლობაში აწარმოებს კამპანიას მის სასარგებლოდ. 2000 ლარია დღეს ამისთვის ჯარიმა, რაც არის არაეფექტური მექანიზმი, ბუნებრივია საჭიროა ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ასეთ მოვლენას დავუპირისპირდეთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.