ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:
"ჰუმანიზმის ისეთი ყიჟინა შემოგვთავაზა გუშინ კლავიატურის ღმერთმა, რომ საბოლოოდ საცხოვრისს ხელი გამოკრა არა გამოტირებულმა ხალხმა, არამედ სწორედ მერიის პროგრამის ბენეფიციარმა და ჭერით უზრუნველყოფილმა ოჯახმა (?!)
სინამდვილეში, ეს ღმერთი კი არა, ღმერთის მატყუარაა. მატყუარაა იმიტომ, რომ არ აინტერესებს სიმართლე და არ ზრუნავს გაჭირვებულების იმ კატეგორიაზე, რომელმაც ვერ იკადრა მიწის მიტაცება, ან ვერ გამონახა საშუალება კაპიტალური მშენებლობისთვის.
თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას იფიქრებს და რა ვუპასუხოთ იმ მოქალაქეს, რომელიც მოთმინებით ემორჩილება პატიოსნებას და სიმწრით ეგუება გაუსაძლის პირობებს? - ხალხმა წლები შეალია პატიოსნად მიღებული ნაკვეთების რეგისტრაციას და რა გამოვიდა, თურმე შტერია ეს ხალხი და სულაც არ არის კანონიერება საჭირო? - მაშინ ყველას ვუქომაგოთ თანაბრად, მთელი ხალხი შევასიოთ სახელმწიფოს მიწებს და არა თითო-ოროლა კომერსანტი, რომელიც სამ ბინას ფლობს თურმე თბილისში და სამ ყანას ხარაგაულში (?!)
ღმერთებს რომ მოვეშვათ და ყბედებს დავუბრუნდეთ, სამართლიანობაზე ლაპარაკობენ პოლიტიკური ენთუზიაზმით და რეალურად ემსახურებიან ბოლშევიკურ პოპულიზმს. ითხოვენ კანონის უზენაესობას და მოითხოვენ უკანონობის ხელშეუხებლობას; გულშემატკივრობენ ვითომ გაძვალტყავებულებს და ფაქტობრივად ხელს აფარებენ კაპიტალისტებს. არადა, ენთუზიაზმს დაუხატავენ, მაგრამ ორჯერ ორი მაინც რომ ესმოდეთ, ახლა პარლამენტში უნდა ფუსფუსებდნენ და საკანონმდებლო ინიციატივას უნდა ამზადებდნენ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწებისა და მიგდებული შენონების გონივრული რეალიზაციისთვის - ზოგი ხალხს უნდა გადაეცეს, ზოგი მუნიციპალიტეტებს და ზოგიც სახელმწიფოს უნდა დარჩეს.
სხვათაშორის, მეხსირება მოითხოვს შევახსენოთ "სენტიმენტალისტებს", რომ კორპუსი თაბუკაშვილზე იყო კერძო საკუთრება, ხალხის გამოთრევა ამ საკუთრებიდან და ავეჯის ფანჯრებიდან გადმოყრა, ხოლო აფრიკაში იყო სახელმწიფო ქონების მიტაცება. აქვე პრინციპულობაც მოითხოვს თავისას - სახელმწიფო ინსპექციებმა კანონდარღვევაზე რეაგირება უნდა მოახდინონ დროულად, და არა წელმოთრეულად.
ბოლოს კი, ღმერთმა არ გამოულიოს კალაძეს მილიონები, ხოლო ასეთ ოჯხებს მოულოდნელი სიხარული".