გუშინ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ერთი საინტერესო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
ამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისელ ფეხბურთის თაყვანისმცემლებს გასული წლის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოევლინათ. ინტერაქტივი იანვრის დასაწყისში დაიწყო და ორი დღის წინ დასრულდა.
გამოკითხვაში 180 ათასმა ადგილობრივმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა. „ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ხმათა 40 პროცენტით პირველობა არავის დაუთმო.
შემდეგ პოზიციებზე დენი უელბეკი, ეშლი ქოული, ჯო ჰარტი და გლენ ჯონსონი განთავსდნენ.
21-წლამდე მოთამაშეთა შორის ჯერარდის თანაგუნდელმა ჯორდან ჰენდერსონმა იმარჯვა.
ქალ ფეხბურთელებს შორის 2012 წლის საუკეთესო მოთამაშედ კლუბი „არსენალის“ წევრი სტეფანი ჰიუსტონი დასახელდა.
23-წლამდე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ტონი დუგანი აღმოჩნდა.