2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა შექმნა პარლამენტში მრავალპარტიული თანამშრომლობის არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიისა და დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა, ჩვენ ყველას მიგვაჩნია, რომ ეს მიღწევა არ უნდა დაიკარგოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„მსურს, ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ. დიალოგით შევთანხმდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ შევთანხმდეთ იმაზე, რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას. დემოკრატია მოგეხსენებათ, არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. მისი ბოიკოტირება ვფიქრობ, არის პოლიტიკური შეცდომა. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის სამუშაო პერიოდში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ და ვნახეთ ისიც, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გახსნა.