ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელი ინტერნეტში შინაარსის  რეგულირებას იწყებს

ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელი ინტერნეტში შინაარსის  რეგულირებას იწყებს

ბრიტანეთის მთავრობამ მედიის მარეგულირებელ ორგანოს ონლაინ შინაარსის რეგულირების უფლებამოსილება მიანიჭა და დამატებითი პასუხისმგებლობა დააკისრა ბავშვებისა და ადვილად მოწყვლადი ჯგუფების საფრთხის შემცველი მასალისგან დასაცავად. მომავალი წლიდან Ofcom-ი ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და ინტერნეტში საფრთხის შემცველი მასალის რეგულირებისთვის ახალ სარეგულაციო ჩარჩოს დაადგენს. ბრიტანეთის მთავრობა და პარლამენტი კი ზიანის შემცველი ინტერნეტ კონტენტის მოწესრიგებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებენ.

რატომ სჭირდება ონლაინ კონტენტს რეგულირება?

ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, Ofcom-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა ონლაინ კონტენტის რეგულირების საჭიროება. კვლევის თანახმად, მომხმარებელთა მესამედს ინტერნეტიდან მომდინარე ისეთი რისკების ეშინია, რაც მათ საკუთარ თუ შვილების უსაფრთხოებას აყენებს რისკის ქვეშ. ხუთიდან ოთხ ზრდასრულ ადამიანს ინტერნეტის მოხმარებისას გარკვეული დისკომფორტი გააჩნია, მათი უმრავლესობა კი არსებული წესების გამკაცრებას მოითხოვს.

რა კვალიფიკაცია გააჩნია Ofcom-ს საფრთხის შემცველი ონლაინ კონტენტის გასაკონტროლებლად?

გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვით, Ofcom-ს ზიანის შემცველი კონტენტის რეგულირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სატელევიზიო, ისე რადიო პროგრამების მიმართულებით. ის ასევე ბრიტანეთის ვიდეო გაზიარების პლატფორმების საქმიანობასაც არეგულირებს.

გარდა ამისა, Ofcom-ი სხვადასხვა მსოფლიო მასშტაბის კვლევების ინიციატორია, რომელიც ბაზრის ტრენდებსა და მომხმარებელთა ონლაინ ჩვევებს ეძღვნება. ამასთან, მარეგულირებელს გააჩნია მჭიდრო ურთიერთობები ინდუსტრიის სხვადასხვა აქტორებთან, პოლიტიკის განმსაზღვრელებთან, აკადემიური წრეების ექსპერტებთან, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და სხვა მარეგულირებლებთან.   

ნიშნავს თუ არა ეს ინტერნეტ-ცენზურას?

Ofcom-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საფრთხის შემცველი ონლაინ კონტენტის რეგულირება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ინტერნეტ-ცენზურას:

ზიანის შემცველი ინტერნეტ კონტენტის რეგულირება არ არის ცენზურა, არც ინტერნეტის და არც სოციალური მედიის, გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც იმავდროულად დემოკრატიის ფუნდამენტიცაა. ჩვენ ვასრულებთ მთავარ როლს სატელევიზიო და რადიო გადაცემების სამაუწყებლო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვაში, ვიცავთ აუდიტორიას ზიანის შემცველი კონტენტისგან და ახლა უკვე ონლაინ პლატფორმებზე დავიცავთ და უზრუნველვყოფთ საზოგადოების უსაფრთხოებას. ახალი რეგულაციები საჭიროა იმისთვის, რომ ონლაინ პლატფორმებმა იგივე სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ, რითიც მაუწყებლები ხელმძღვანელობენ.

შესაძლებელია ინტერნეტში არსებული დიდი მოცულობის ინფორმაციის სრული რეგულირება?

Ofcom-ის თქმით, მათი მთავარი მიზანია ონლაინ პლატფორმებს ჰქონდეთ შესაბამისი მექანიზმები, რომ დაიცვან მომხმარებელი და თუ ისინი ამ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ზომები სწორედ ამ პლატფორმების წინააღმდეგ გატარდება. მარეგულირებელი ორგანო ყურადღებას განსაკუთრებული საფრთხის შემცველ მასალაზე გაამახვილებს, კერძოდ კი არალეგალურ ან/და ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მქონე კონტენტზე.

ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ონლაინ კონტენტის მარეგულირებელ ჩარჩოს დაადგენს, დიდ ბრიტანეთში  2021 წელს მიიღებენ.