სოსო მანჯავიძე: 

სოსო მანჯავიძე:  "პატრიოტულ მოტივებს დამხმარე როლი ეკისრება, წინა პლანზე ახლა სოციალური გაჭირვებაა"

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„1992 წლის გაზაფხულია. სამხედრო გადატრიალების შემდგომ დასავლეთ საქართველოში არეულობაა. სატვირთო მანქანები არ მოძრაობენ, ხოლო ფოთიდან და  აფხაზეთის გავლით  მომავალი მატარებლები იძარცვება.

თბილისი და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქები შიმშილის რეალური საფრთხის წინაშეა.

ჩემი მეგობარი ამ მატარებლების დაცვაში მუშაობდა. მივედი, ვნახე და ვკითხე, რატომ ვერ იცავდნენ მატარებლებს.

"რა ვქნათ?"- მიპასუხა, " წინ ბავშვებს და მოხუცებს დაიყენებენ, მერე მოდიან ქალები, მათ ეფარებიან კაცები. ბავშვებს, მოხუცებს  და ქალებს ხომ არ ვესვრით? მერე მოვლენ,  შეესევიან მატარებელს, მოაყენებენ მანქანებს და მიაქვს, ვინ რამდენსაც მოახერხებს, რომ ნახო გაგიჟდები, თითო ოჯახში ტონობით  ფქვილი, ზეთი, ბრინჯი და ათასი სხვა რამე აქვთ დასაწყობებული."

ამავე დროს, რომ გეკითხა, ეს ადამიანები თავიანთ მოქმედებას "პატრიოტული" მოსაზრებებით ამართლებდნენ, ვითომ ასე  პუტჩს აპროტესტებდნენ.

თითქოს ძალიან პატრიოტული და ეროვნული საქმე ყოფილიყო მატარებლების ძარცვა.

ცხადია ამ სიტუაციაში ისინი, ვინც ამ  უმსგავსობას ამრეზით უყურებდნენ და ეწინაღმდეგებოდნენ, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მორალურად და სოციალურად.

ეს ამბავი გუშინდელ ამბებთან დაკავშირებით გამახსენდა აფრიკაში.

საქართველოში რომ ბევრი გაჭირვებულია, ყველამ ვიცით.

მაგრამ ასევე კატასტროფულად დიდია ამ გაჭირვებით მოსარგებლე და მოსპეკულირე  თაღლითების რიცხვი, რომლებსაც იმ დასაწყობებული ზეთის , ბრინჯის , თუ ფქვილის არ იყოს,  დიდი ქონებები აქვთ დაგროვილი და სულ ახლის ძიებაში არიან.

ტექნოლოგია დაახლოებით იგივეა-წინ ბავშვები და მოხუცები ყავთ დაყენებული.

პატრიოტულ მოტივებს  დამხმარე როლი ეკისრება, წინა პლანზე ახლა სოციალური გაჭირვებაა.

სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ახალი ფაქტორი-პოლიტიკური და მედია თაღლითების არმია, რომლებიც  გაჭირვების ექსპლუატაციისგან პოლიტიკური და რეიტინგული დივიდენდების მისაღებად იბრძვიან.

როგორც მაშინ, ყველაზე მეტად ის ადამიანები ზარალდებიან,  რომლებიც ასეთ უმსგავსობას ამრეზით უყურებენ და უკანონო და ამორალურ ქმედებას ერიდებიან.

თაღლითობა  ისეთი მოვლენაა, რომელიც ყველა სფეროს მსჭვალავს და როცა ის აღწევს საკანონმდებლო , პოლიტიკურ და  რელიგიურ არეებში, მთელს სოციუმს აავადმყოფებს.

და კიდევ-თაღლითების საკვები არეალი ადამიანების სენტიმენტალურობაა, ჩვენი  ჩვევა ავყვეთ პირველივე ემოციურ იმპულსს და გავაკეთოთ უმწიფარი და უსარგებლო უარყოფითი ემოციის გამოფრქვევა,

რასაც ძალიან მოხერხებულად იყენებს ყველა ჯურის თაღლითი.

ამ პრობლემასთან ბრძოლას ძალიან სერიოზული მიდგომა და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი აზროვნება სჭირდება, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს“.