„ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული შიდა განხეთქილებაა, დაწყებულია პარტიის შიდა რღვევა და ამის რეალური გამოსახულება ის გარემოებაა, რომ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საკმაოდ მაღალი პოზიცია დატოვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ანალოგიურ სიტუაციას ჯაჭვური რეაქცია ჰქონდეს და სულ მალე ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს, პარტიაში რა და როგორ ხდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნისთვის პარლამენტიდან მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციას მოვუწოდებთ, პარლამენტში თავისი ადგილი დროულად დაიკავოს და დებატებში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.