ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც მან მორიგი Facebook-ლაივის დროს გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თითო ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლისთვის 2-დან 3 მილიონ დოლარამდე სთავაზობენ.
„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი სააკაშვილის განცხადებას „აბსურდსა და სისულელეს“ უწოდებს.
„რა თქმა უნდა, სრული აბსურდი და სისულელეა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ რაღაცას ადგილი არ ექნებოდა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ვახტანგ მეგრელიშვილი კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ნაწყენია, რადგან მისგან მსგავსი შეთავაზება არ მიუღია.
„მე ძალიან ნაწყენი ვარ ბიძინა ივანიშვილზე, იმიტომ რომ ჩვენ („გირჩს“) სინამდვილეში 6-დან 9 მილიონამდე უნდა გვქონდეს მინიმუმ და ჩვენთვის არ შემოუთავაზებია და მე ძალიან ნაწყენი ვარ“, - აღნიშნა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
მოსყიდვის მცდელობას „ევროპულ საქართველოშიც“ უარყოფენ.
„მე არ ვარ ფორმალურად დეპუტატებს შორის და არანაირი ასეთი შემოთავაზების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, არც სხვებისთვის“, - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.