რამდენიმე თვის წინ თაკო ჩარკვიანს კულტურის მინისტრის მოადგილეობა შესთავაზეს, თუმცა კულტურის სამინისტროში ხელოვანების პირველივე შეხვედრა სკანდალით დამთავრდა. თაკო თანამდებობაზე აღარ დანიშნეს. ამ სამინისტროში სკანდალი მოადგილეების შემდგომი კანდიდატებით - იური მეჩითოვით და ხათუნა ხუნდაძით გაგრძელდა. თაკო ნანობს, რომ საერთოდ აპირებდა ამ თანამდებობის დაკავებას. ახლა ფიქრობს, რომ ამით თავს თავისუფლებას ართმევდა. უხარია, რომ ისევ ძველი ცხოვრებით ცხოვრობს. ბედნიერია, რომ მისმა ძმამ, მამუკა ჩარკვიანმა გადალახა რთული პერიოდი და ახლა მთლიანად თავის შემოქმედებაშია ჩართული.
- დღეს უფრო მიიოლდება იმ ყველაფერზე საუბარი, რაც კულტურის სამინისტროში რამდენიმე თვის წინ მოხდა. ახლა უკვე ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ზე ძალიან ობიექტური სიუჟეტი მოამზადეს. ბაგრატის ტაძარზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დღევანდელ განცხადებებს დაუპირისპირეს 2009 წელს მისივე ნათქვამი სიტყვები, რომლებიც სრულიად ურთიერთგამომრიცხავი იყო. მე სხვა არაფერი მითქვამს კულტურის სამინისტროში მისვლისას. ვამბობდი, ბაგრატის ტაძარი როგორმე უნდა გადავარჩინოთ, თორემ იუნესკოს სიიდან ამოიღებენ-მეთქი. კულტურის სამინისტროში ხელოვანების შეხვედრისას ყველაზე უტიფარი და ქალივით გაკაპასებული მინისტრის მოადგილე დავით ცხადაძე იყო. განსაკუთრებით დიდი წარმოდგენა არ მაქვს ნიკა რურუაზე, მაგრამ მაინც მგონია, ის რომ ყოფილიყო იმ შეხვედრაზე, მსგავსი პროვოკაცია არ მოხდებოდა. ასეთ დასკვნას ნიკა რურუას განათლებიდან გამომდინარე ვაკეთებ. ბატონმა დავითმა წამოიწყო მთელი პროვოკაცია. ის ამყარებდა იმ აზრს, რომ განახლებული ბაგრატის ტაძარი მიღწევაა და ეამაყება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამინისტროში განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეიძლებოდა. პირადად ჩემთვის ეს ძალიან ცუდი და დამთრგუნველია. მაღიზიანებს, როდესაც ადამიანებს განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ. ამაზე დიდი უკულტურობა არც კი მგონია, რამე არსებობდეს. ბოლო პერიოდში ბევრი უსამართლობა მოვისმინე ჩემზე, თუმცა ამ ყველაფერს ისტერიკით არ შევხედრივარ.
- ყველაზე მეტად მაინც რამ გატკინათ გული?
- გაგიკვირდებათ და დავით ცხადაძის უტიფრობას არ გავუოცებივარ. მარინა ბერიძის კონფორმიზმი და კონიუნქტურა არახალია მუსიკალური წრისთვის. მე ბატონი გურამ ოდიშარიას უსუსურობამ უფრო გამაოცა. დღეს უფრო თამამად ვლაპარაკობ ამ ყველაფერზე, ერთი პერიოდი პირში წყალი ჩავიგუბე. ვიფიქრე, ვინმემ არ იფიქროს, ამ ადამიანს რაღაც ინტერესები აქვსო. ბევრად უფრო მომგებიან გარემოში აღმოჩნდნენ სხვა ადამიანები. როგორც პუბლიცისტი, რაღაც შენიშვნებს ვიტყოდი კულტურის სამინისტროში მიმდინარე ამბებზე, მაგრამ ესეც არ გამიკეთებია. გამაოცა ბატონი გურამის პოზიციის არქონამ. ჩემთვის თუნდაც აბსოლუტურად მიუღებელი, ოღონდ ჰქონოდა რაიმე პოზიცია. მინდა გამოვიცნო, რატომ მოიქცა ასე. მგონია, რომ არ უნდოდა გაეღიზიანებინა ვიღაცები. თაკო ჩარკვიანს კონფორმიზმში ვერავინ დაადანაშაულებს. არცთუ პატარა ვარ და ამ ასაკამდე რაიმე თანამდებობის დაკავების სურვილი არ გამჩენია. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, წადი კულტურის მოადგილის თანამდებობაზე, იქნებ ვიღაც ნიჭიერს ეშველოსო. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია დაჩაგრული. ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები მენდობოდნენ. ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, ვერ გავიგებდი ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებას. მადლობას ვუხდი დავით ცხადაძესაც, გურამ ოდიშარიასაც და მარინა ბერიძესაც. იმ სიყვარულს, რაც იმ პერიოდში მივიღე, ვერ მივიღებდი, კულტურის სამინისტროში ის ყველაფერი რომ არ მომხდარიყო. არ მომწონდა ის, რაც ქართულ ესტრადაზე ხდებოდა, მომღერლებს რომ პოლიტიკური ნიშნით არჩევდნენ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია თუნდაც ის, რაც ახლა ხდება.
- ფიქრობთ, რომ კულტურის სამინისტროში ახლაც იგივე გრძელდება?
- ვერ ვიტყვი, რომ იგივე გრძელდება, მაგრამ მინდა, უფრო მეტად გაიხსნან. მგონია, რომ მუსიკოსები პოლიტიკით ზედმეტად შეაწუხეს. მუსიკოსს ასაკი აქვს, ის დამოკიდებულია თავისი ხმის იოგებზე. არ უნდა აიძულო, ცდუნების რეჟიმში დადგეს. ახლაც არ უნდა ექცეოდეს ყურადღება იმას, ვინ გამოვიდა სიტყვით პრეზიდენტის მხარდასაჭერად. იმ ვიღაცამ აუცილებლად უნდა დაუკრას და უნდა იმღეროს. თქვეს, თაკო ჩარკვიანმა კულტურის სამინისტროში მისვლისთანავე ფინანსებზე დაიწყო ლაპარაკიო. რა ჩემი საქმე იყო ფინანსები, რომელი ფინანსისტი მე მნახეს. უბრალოდ ვთქვი, არსებობს ეჭვი, რომ მუსიკოსებში არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები. კულტურის სამინისტროს ფინანსებში არ ჩამიხედავს და ამაზე ვერაფერს ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არასწორი იყო, როდესაც ერთ ანგაჟირებულ მომღერალზე იხარჯებოდა ვეებერთელა თანხა და ვიღაც შეიძლება საერთოდ ყველაფრიდან ამოეშალათ. რვა წლის განმავლობაში მაია ჯაბუას არ ჰქონდა საშუალება ეკრანზე გამოჩენილიყო. მის ბედს იზიარებდა ბევრი სხვა მომღერალი. არ მინდა ვინმემ თქვას, საკუთარი ოჯახის წევრზე ლაპარაკობსო, მამუკა ჩარკვიანი არასდროს მიხსენებია, მაგრამ ვერც მამუკას ნახავდით ვერსად. მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა "ნანუკას შოუში".
- კულტურის სამინისტროში შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე რას იტყვით? სკანდალი მოჰყვა იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის კანდიდატურებსაც.
- ხათუნა ხუნდაძის თემას არ მინდა შევეხო. სიმართლე გითხრათ, იური მეჩითოვის ანეკდოტებს ისე არ გავუღიზიანებივარ, როგორც მის განცხადებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მისი დაუფიქრებელი ნათქვამი იყო. შემიძლია ეს მას პირისპირ საუბარშიც ვუთხრა. მისთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან კარგად ვარ განწყობილი. მაგრამ მისი განცხადება პოლიტიკურად ნაჩქარევი და გაუმართლებელი იყო ჩემთვის. ჯერ არ იყო სამინისტროში მისული და ამბობდა, ტერიტორიული მთლიანობით შევცვალოთ სიტყვა ოკუპაციაო. ევროსაბჭოში გაჟღერდა, რომ რუსებს სიტყვა ოკუპაციის ამოღება უნდათ. რუსეთთან მიმართებით მე მაქვს პოზიცია, რომ ის ოკუპანტია. ეს მრავალგზის უნდა გავიმეოროთ. რუსეთი ჩემს ქვეყანაში ოკუპანტია და როცა შენ ამბობ, რომ ტერიტორიული მთლიანობით უნდა შევცვალოთ ეს სიტყვა, არაა მართალი. ჯერ ერთი, ტერიტორიული მთლიანობა იურიდიული ტერმინი არ არის, მეორეც, აწყობს კი ჩემს სახელმწიფოს ამ ტერმინის შეცვლა? ეს ჩემი უცვლელი პოზიციაა და ამ პოზიციის გამო ვიღაცას მოვეწონები, თუ არ მოვეწონები, მრავალი წელია არ მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ საქართველოს გზა ევროპისკენაა. ამას მაშინ ვფიქრობდი, როდესაც თხუთმეტი წლის ვიყავი. ვიცი, რომ ეს ილია ჭავჭავაძისა და სულხან-საბა ორბელიანის გზა იყო. საწყალი სულხან- საბა ორბელიანი კაბააკაპიწებული დადიოდა ევროპაში მხარდაჭერის მოსაპოვებლად და წვერითაც ითრიეს. ოჯახიდან გამომდინარე მაქვს ასეთი პოზიცია. ჩვენ კომუნისტურ სივრცეში რომ ვიზრდებოდით, ეს არაფერს ნიშნავს. ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობდით, მაგრამ ლექსი: "მაგრად დაჰკარით, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია" - მამამ 1972 წელს დაწერა. გასაგებია, ვის მიმართაც თქვა ჯანსუღმა ეს სიტყვები. რუსულ ლიტერატურაზე ვარ გაზრდილი, რუსეთი ძალიან მიყვარს და რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც იმ რუსეთს ელოდებიან, რომელიც ამოასუნთქებს ელიტურ საზოგადოებას. ვეებერთელა და ძალიან კარგი ქვეყანაა, არადა, არ მოხდა ის, რაც მათ ინტელექტს ეკუთვნის. ამიტომ მგონია, რომ ბატონ იურის ნათქვამი ოკუპაციასთან დაკავშირებით ნაჩქარევი იყო და მე მას არანაირად არ ვეთანხმები.
- როგორც ვხვდები, კულტურის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებით კმაყოფილი არ ხართ და ეს უკმაყოფილება არ ეხება მხოლოდ კადრების შერჩევას...
- ძალიან მინდა, თქვენს ინტერვიუში ძველი თაკო ჩარკვიანი ვიყო, როდესაც არანაირი თანამდებობა არ მეკავა და თავისუფლად ვგრძნობდი თავს. რა თქმა უნდა, რაღაცები არ მომწონს. მარტო მე კი არა, ჩემს სამეგობროსაც ბევრი რამ არ მოსწონს. ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ, რა ხდება. თუნდაც ის, რა ხდება რიყეზე. ნიკუშა შენგელაიამ იხუმრა, ღამე მივალ და ჩემი ხელით დავშლი იმ ორ საოცრებას, რაც რიყეზე შენდებაო. ის მთლიანად ფარავს ძველ თბილისს. ამას წინათ მოვისმინე პრეზიდენტის გამოსვლა სტრასბურგში. მინდა ობიექტური ვიყო და ვთქვა, რომ ნიჭიერი კაცი იჯდა სტრასბურგში და ლაპარაკობდა. გაოგნებული ვუსმენდი, რამდენი კარგი რამ ხდება თურმე ჩემს ქვეყანაში. პრეზიდენტი უდავოდ ნიჭიერია თაღლითურ საუბარში. ევროსაბჭოში ვიღაც ხომ დაუჯერებს?! ისე ლაპარაკობდა, თითქოს მის ქვეყანაში არ იყო თხუთმეტი წლის გოგონებისა და ვაჟების ცოცხებით გაუპატიურება. გაოგნებული ვუსმენდი. სტრასბურგში გამოდის კაცი და ჰყვება ისეთ ქვეყანაზე, როგორ საქართველოსაც ყველა ინატრებდა. ვფიქრობდი, ნუთუ ციხის კადრები არავის არ აქვს ნანახი-მეთქი?! რომ არ მოგატყუო, მრცხვენია, რომ ეს კადრები მთელ ევროპას ვაჩვენოთ. პრეზიდენტი ამბობს, არ ვიცოდი, რა ხდებოდა პენიტენციალურ სისტემაშიო. თუ არ იცოდა, მით უმეტეს უნდა გადადგეს. ეს ნებისმიერ ხელისუფალს ეხება. მგონია, რომ მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ. ძალიან გავღიზიანდი, პრეზიდენტს რომ ვუსმენდი. ქრისტიანობაში მაშინ გვეპატიება ყველაფერი, როცა ნამდვილად მოვინანიებთ. რაღაცას ისე უნდა დარდობდე, რომ ერთხელ მაინც შეგარყიოს. მივხვდი, რომ ამ ადამიანს სინანულის ნატამალი არ გააჩნია და გულწრფელად გეუბნებით, შემეშინდა. ერთადერთი პასაჟი მისი გამოსვლიდან, რომელიც მომეწონა, ის იყო, როდესაც რუსებს მიმართა, ვენესუელას მოაწერინეთ ხელი აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე და გრცხვენოდეთო. მაგრამ სხვისA რუსულზე რომ ლაპარაკობ და ამბობ, ბიძინა ივანიშვილზე კარგი რუსული ვიციო, დალოცვილო, რუსთაველი შენ არ იცი, საქართველოს ისტორია არ იცი, თბილისის ისტორია არ იცი. კარგია, როცა ბევრი უცხო ენა იცი, ეს ძალიან მომწონს, მაგრამ რაც მთავარია, თბილისი და საქართველო არ გიყვარს.... სუბიექტურობას ვერავინ დამწამებს. ახალი მთავრობის ნაკლზეც ხომ გულახდილად ვსაუბრობ. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ჩემი თავისუფლება ცხოვრებაში ერთხელ კინაღამ დავარღვიე. მქონდა იმისი საშუალება, რომ რომელიმე ხელისუფლების დროს თანამდებობა დამეკავებინა. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დავაყენე საფრთხის ქვეშ ჩემი თავისუფლება, როდესაც კულტურის მინისტრის მოადგილეობაზე ვთანხმდებოდი და ეს ჩემი დიდი შეცდომა იყო.
- როგორ ფიქრობთ, მეორედ იმავე შეცდომას აღარ გაიმეორებთ?
- არავითარ შემთხვევაში არ გავიმეორებ. უნდა იცოდე, ვისი ხელმძღვანელობის ქვეშ მიდიხარ. მე, როგორც ჩანს, არ ვიცოდი.
- შემდეგში კარგად რომ იცოდეთ, ვისი ხელმძღვანელობის ქვეშ მიდიხართ?
- ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმ ადამიანების გამო მივდიოდი, ვისთვისაც შემეძლო კარგი გამეკეთებინა. ვერ მოგატყუებთ, ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი კანდიდატურის მხარდამჭერთა სია ვნახე. ეს სია მათ თავიანთი ინიციტივით შეადგინეს. ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ადამიანებისთვის სანდო აღმოვჩნდი. ბატონ გურამ ოდიშარიას ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით ახლა ის პოზიცია აქვს, რაც მე თავიდანვე მქონდა. ჩვენ შვიდი თვის წინ კარგად ვიცოდით იუნესკოს პოზიცია, რომ ტაძრის ავთენტურობა მთლიანად დაკარგული იყო. ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და დავით ცხადაძემ კი ვერ დაიცვეს ვერც თავიანთი პოზიცია და ვერც ბაგრატის ტაძარი. მგონია, რომ კვლავ დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე და არა პროფესიონალიზმთან, რაც საერთოდ გვახასიათებს. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. დავით ცხადაძესაც არ მოუვიდოდა ის შეცდომები, უფრო მაღალი დონის პროფესიონალი რომ იყოს. ის ფოტოხელოვანია და გააკეთოს რა, თავისი საქმე.
- მინდა გკითხოთ თქვენი მეზობლის ნინო ბურჯანაძის შესახებ. იყო პერიოდი, როდესაც თქვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
- ცუდი ურთიერთობა არასდროს გვქონია. უბრალოდ, ჩვენი პოზიციები გაიყო. როგორც გითხარით, მე ჩემი პოზიცია მაქვს თხუთმეტი წლიდან. მეზობელ ქვეყანასთან აუცილებლად უნდა დაალაგო ურთიერთობები, მაგრამ აქ ჩნდება პატარა მძიმე, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს. როგორც ჩანს, ასე არაა. ჩემი აზრით, ჩვენი მომავალი მაინც ევროპისკენაა. ნინოს აზრი ამ შემთხვევაში სხვაგვარია. 7 ნოემბერსაც მე მომიტინგეებთან ერთად ვიყავი, ნინო მაშინ იქ არ იყო. მაშინაც გაიყო ჩვენი პოზიციები.
- ახლა რა ხდება მეზობლებს შორის. მას შემდეგ, რაც ბადრი ბიწაძე ჩამოვიდა საქართველოში?
- ნინო უდავოდ ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ არ ვიცი, ახლა რა პოზიცია აქვს. ბოლო დროს ვეღარ ვხედავ. პოლიტიკურ სპექტრში აღარ ჩანს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადამიანი შეიძლება გვიან მივიდეს რაიმე დასკვნამდე. არ მიყვარს იარლიყების მიწებება. შეიძლება, ის ადამიანი მართლაც ისე ფიქრობდა, რასაც ამბობდა. ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა, 7 ნოემბერს თუ გადადგებოდა. ეს აზრი საჯაროდაც გამოვთქვი.
- თქვენგან ასეთი ნათქვამი ეწყინა?
- მგონია, რომ ეწყინა, მაგრამ ბოროტულად არ მითქვამს. 7 ნოემბერს რომ გადამდგარიყო, მისი მხრიდან მაგარი საქციელი იქნებოდა და მისი კარიერაც სხვაგვარად წარიმართებოდა.
- თქვენ მეგობრობდით ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან. თქვენი მეგობრობა გრძელდება?
- ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა ჯანსუღს ედუარდ შევარდნაძეზე უთხრა, თქვენი ყოფილი მეგობარიო და ჯანსუღმა ამაზე ბევრი იცინა. უთხრა, ყოფილი მინისტრი გამიგია, მაგრამ ყოფილი მეგობარი - არაო. ედუარდ შევარდნაძის და მამას მეგობრობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ედუარდ შევარდნაძეს არანაირი თანამდებობა არ ეკავა. ნოდარ დუმბაძემ და ჯანსუღ ჩარკვიანმა რიგაში გაიცნეს ედუარდი კულტურის ფორუმზე.
- ბოლოს როდის ინახულეთ ყოფილი პრეზიდენტი?
- შარშან მის დაბადების დღეზე. სტუმრად სხვადასხვა ქვეყნის ელჩები იყვნენ მოსულები.
- ედუარდ შევარდნაძეს 25 იანვარს აქვს დაბადების დღე (ინტერვიუ 23 იანვარსაა ჩაწერილი - ავტ.). აპირებთ მილოცვას?
- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, სულ ვცდილობდი, ხშირად მომენახულებინა. რა თქმა უნდა, წელსაც მივულოცავ დაბადების დღეს. ედუარდ შევარდნაძეზე შემიძლია, ერთი ძალიან საინტერესო ამბავი გავიხსენო. სამწუხაროდ, ამ ამბის რამდენიმე მონაწილე ცოცხალი აღარაა. ეს ისტორია იმის დასტურია, რომ ის არ ებრძოდა რადიკალურად განსხვავებულ აზრს, პირიქით, აინტერესებდა. შეიძლება ამიტომაც დამეგობრდნენ მამა და ედუარდ შევარდნაძე, რომ მას განსხვავებული აზრის მოსმენა შეეძლო. ერთხელ შეკრებაზე, რომელზეც იყვნენ ნოდარ დუმბაძე, ჩემი ნათლია, მწერალი ციალა არდაშელია, ბატონმა ედუარდმა თქვა, მინდა, გაუმარჯოს იმ დამოუკიდებელ საქართველოს, რომელსაც ახალი თაობა ნატრობს და არ აქვთო. ედუარდ შევარდნაძე მაშინ "ცეკას" მდივანი იყო. მე შოკში ჩავვარდი და ვერაფერი გავიგე. მივეკუთვნებოდი იმ "ეკლიან" ჯგუფს, რომელსაც ბევრი კითხვა ჰქონდა ერთპარტიული ქვეყნისადმი. ჩემს თაობაში ეს კითხვები ბევრს აწუხებდა. მახსოვს, თენგიზ აბულაძემ თქვა, შევარდნაძემ დამიბარა და მითხრა, "მონანიება" უნდა გადაიღოო. "ცისკარში" "დათა თუთაშხია" იბეჭდებოდა, ასევე "ცისკარში" დაიბეჭდა კაკო ბაქრაძის უმძიმესი წერილი სომხებთან დაკავშირებით. ეს არაა ქსენოფობიური ნათქვამი. იმ პერიოდში სომხებმა "დაგვარტყეს" მცხეთის ჯვართან დაკავშირებით. ჯანსუღმა დაბეჭდა კაკო ბაქრაძის წერილი, რომელიც თხრიდა საბჭოთა კავშირს. მოგვიანებით ამავე თემაზე დაიბეჭდა რეზო ჯაფარიძის წერილი. ვიცი, რომ ედუარდ შევარდნაძე ამ ყველაფერს არ ბლოკავდა, ანუ ზრუნავდა იმაზე, "დათა თუთაშხია" რომ დაიბეჭდებოდა, ჯვარზე არ გაეკრათ ჭაბუა ამირეჯიბი და "ცისკრის" რედაქტორი. თუნდაც მაშინ, როცა გაუსაძლისი იყო საქართველოში ცხოვრება, იყო სიბნელე და უბედურება, საზიზღრად დაიძაბა სიტუაცია, გადადგა. ვიღაცებს არ მოსწონთ, როდესაც ობიექტურად აფასებ მოვლენებს. არადა, ხომ გინახავთ პრეზიდენტები, რომლებმაც ქვეყნები გასრისეს, რომ თავისი ადგილი შეენარჩუნებინათ? ის ასე არ მოიქცა და წავიდა.