ყველაზე მეტს სწორედ „ევსაქები“ გვერჩიან დღეს „რესპებს“ და წყალში ეყრებათ მერამდენედ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე წერს.
„ნიკა მელიამ ბევრჯერ გაიმეორა დღეს, რომ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ „რესპები“ არ შევლენ პარლამენტში. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მანაც და ყველა სხვამ ენმ-დან მყარად იცის, რომ მოლაპარაკების გაწელვის შემთხვევაში, თუ ენმ-ის დეპუტატებს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მომენტალურად ამუშავდება „რესპების“ განცხადების 1-ლი პუნქტი. ხათუნა და თამუნა გამზადებული განცხადებით მოითხოვენ პარლამენტიდან მათი სადეპუტატო უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მაგალითად, თუ ენმ-ის დეპუტატები დეკემბერში აღარ იქნებიან დეპუტატები „ოცნების“ დეპუტატების კენჭისყრის შედეგად, მაშინვე წავლენ „რესპებიც“ პარლამენტიდან ოფიციალურად.
მარტივია. გასაგებია. მოლაპარაკებების გაწელვა ვერ გაახანგრძლივებს „რესპების“ დეპუტატობას. ახლა ბლოკის იმ 36-მა დეპუტატმა უნდა დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე. 17-ში აპირებენ შეტანას „ნაციონალები“. ერთი კვირის მერე. შემდეგ პარლამენტში იქნება პროცედურები. ამასობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები. „ევსაქებიც“ კი ვერ იტყვიან უარს მოლაპარაკებებზე. „ნაციონალები“ და ყველა სხვა პარტია გამოთქვამს მზადყოფნას. „რესპებმა“ ჩვენი განცხადებით მოლაპარაკებების პრიორიტეტს გავუსვით ხაზი დილიდან. არ გვქონია ინსტრუქცია აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებისგან…
ყველაზე მეტს სწორედ „ევსაქები“ გვერჩიან დღეს „რესპებს“ და წყალში ეყრებათ მერამდენედ. ვეღარ გამოიყენეს ენმ. ერთი-ორი დაბნეული „ნაციონალი“ ახლა უკვე უკეთ არის ინფორმირებული. ზოგს მეტი სიცხადისთვის ცოტა მეტი დრო დასჭირდა. მადლობა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბევრ აქტივისტს, ვინც დაგვიცვა თავიდანვე თუ მოგვიანებით. რაც უფრო მეტად გავაჟღერეთ საჯაროდ პარტიის ხელმძღვანელებმა – თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პირველ რიგში, ჩვენი პოზიცია, რომ არაფრით არ ვიქნებით ენმ-ის დეპუტატების გარეშე პარლამენტში და, ამასთანავე, ელჩების ხელშეწყობით მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულად არ მიგვაჩნია, რომ მეტი ოპტიმიზმი გვაქვს, ვიდრე შესაძლოა ზოგ სხვა პარტიას, მით უფრო შემცირდა ორკესტრირებული შემოტევაც. მარტივია“, – წერს ბერძენიშვილი.
5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა. ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ხელმისმოწერის პროცესს არ დასწრებიან პარტიები: „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“. „გირჩი“ და "რესპუბლიკური პარტია" აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შედიან და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ, უბრალოდ ამის დამადასტურებლად ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავდნენ.
პროპორციული საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისათვის ხუთმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა, ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია”, „ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი” და „ლელო საქართველოსთვის“.