არჩილ თალაკვაძე: უმანდატო ოპოზიციონერებმა ნდობით აღჭურვილ კოლეგებს მანდატები დაახევინეს და გადააყრევინეს

არჩილ თალაკვაძე: უმანდატო ოპოზიციონერებმა ნდობით აღჭურვილ კოლეგებს მანდატები დაახევინეს და გადააყრევინეს

ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ პროტესტს, სინამდვილეში, პარლამენტში შესულები არ არიან და საზოგადოებისგან მანდატი და ნდობა არ აქვთ მიღებული. ამ დღეების განმავლობაში, უმანდატო ოპოზიციონერებმა, ნდობით აღჭურვილ დანარჩენ კოლეგებს და იმ ოპოზიციონერებს, რომელთაც მიიღეს მანდატები, პრაქტიკულად, ეს მანდატები დაახევინეს და გადააყრევინეს, მაგრამ, იკვეთება, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა და საერთაშორისო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს კონკურენტულ, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებულ არჩევნებად შეაფასეს. სამწუხაროდ, ის, რასაც დღეს ვხედავთ, დემოკრატიასთან შეუთავსებელია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები, ყველანი აცხადებენ და გაოცებულები არიან იმით, რომ ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მანდატი მიიღეს პარლამენტში, უარს აცხადებს საპარლამენტო, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, ეს გაუგებარია ნებისმიერი დასავლური დემოკრატიისთვის. ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ძირითადად, რადიკალური ფრთა წარმართავს, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად ატყუებს. “ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.