მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა და საერთაშორისო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს კონკურენტულ, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებულ არჩევნებად შეაფასეს. სამწუხაროდ, ის, რასაც დღეს ვხედავთ, დემოკრატიასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიას, რომელიც დასავლეთის ყველა სახელმწიფოში მიღებულია და ხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები, ყველანი აცხადებენ და გაოცებულები არიან იმით, რომ ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მანდატი მიიღეს პარლამენტში, უარს აცხადებს საპარლამენტო, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, ეს გაუგებარია ნებისმიერი დასავლური დემოკრატიისთვის. ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ძირითადად, რადიკალური ფრთა წარმართავს, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად ატყუებს. ადამიანები, რომლებიც ხელმზღვანელობენ პროტესტს, სინამდვილეში, პარლამენტში შესულები არ არიან და საზოგადოებისგან მანდატი და ნდობა არ აქვთ მიღებული. ამ დღეების განმავლობაში, უმანდატო ოპოზიციონერებმა, ნდობით აღჭურვილ დანარჩენ კოლეგებს და იმ ოპოზიციონერებს, რომელთაც მიიღეს მანდატები, პრაქტიკულად, ეს მანდატები გადააყრევინეს, მაგრამ, იკვეთება, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.