მონა ლიზას კვალზე

მონა ლიზას კვალზე

იტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე, მკვლევარი სილვანო ვინჩეტი ამტკიცებს, რომ მონა ლიზას გუგებში დაინახა ინიციალები, რომელთა შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია და მისი დანახვა მან მხოლოდ მძლავრი გადიდების მქონე გამოსახულების მეშვეობით მოახერხა, - იუწყება ”გარდიანი” და ვინჩეტის სიტყვების ციტირებას ახდენს:

 

”მარჯვენა გუგაზე, მომწვანო-მოყავისფრო ფონზე შავი საღებავით დატანილი ასოები LV აშკარად ლეონარდოს ინიციალებად უნდა იქნეს მიჩნეული, მაგრამ ის, რაც მარცხენა გუგაზეა აღმოჩენილი, გაცილებით საინტერესოა”. ვინჩეტის აზრით, მარცხენა გუგაზე გამოსახული ასოები B ან S, ან შესაძლოა CE საშუალებას იძლევა, დადგინდეს მოდელის ვინაობა, რომელიც ”ჯოკონდას” ავტორისთვის პოზირებდა.

 

არსებობს მოსაზრება, რომ იგი გახლდათ ლიზა ჯერალდინი, ფლორენციელი ვაჭრის ცოლი. ამ მოსაზრებას ვინჩეტი არ ეთანხმება და ვარაუდობს, რომ სურათი მილანშია დახატული. სურათის უკანა მხარეს გამოსახულია ციფრები ”149”, მეოთხე ციფრი წაშლილია, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ”მონა ლიზა” დახატულია მილანში 1490 წელს და მოდელად გამოყენებულია მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცის სასახლის კარის ქალბატონი.

 

ლეონარდო გატაცებული გახლდათ კოდებითა და სიმბოლოებით და მას სურდა, მნახველს მოდელის ვინაობა მისი თვალების მეშვეობით დაედგინა. საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას ვინჩეტი 2011 წლის იანვრისთვის აპირებს.

atb.ge