პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადების ხელმოწერას არ დაესწრო. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძე თავს შეუძლოდ გრძნობს.
„როგორც ჩანს, თავს გრძნობდა შეუძლოდ. მე ვიცი კობა ნაყოფიასგან, არ ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდაგვარი, რომ მას შეეძლო დღეს მოსვლა, თორემ რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე აქ იქნებოდა“, - აღნიშნა მელიამ.
კითხვაზე, საეჭვოდ ხომ არ დაემთხვევა ერთმანეთს ის ფაქტები, რომ ხელმოწერაში არ მონაწილეობდნენ ასევე „რესპუბლიკელები“ და სალომე სამადაშვილი, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „პრობლემა არ არსებობს“.
„არ იყო რამდენიმე ადამიანი, არც ნიკა იყო მაჭუტაძე, რომელიც არის ჭირისუფალი, ოჯახის წევრი გარდაეცვალა. არიან ადამიანები, ვინც დასავლეთში არიან და ვერ შეძლეს ჩამოსვლა. ყველას უკლებლივ განცხადება აქვს დაწერილი და ეს არის ყველაზე მთავარი. ფიზიკურად ვიღაცამ შეძლო დღეს მოსვლა, ვიღაცამ ვერ შეძლო. პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.